მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან, სტაციონარში (მათ შორის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა (EMERGENCY) და მიმღებ ერთეულში) მოხვედრილი ყველა პაციენტს, მიუხედავად მათი დაყოვნებისა, ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, B ჰეპატიტის ანტიგენის განსაზღვრის მიზნით, ჩაუტარდება სწრაფი მარტივი ტესტირება და ასევე B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის (HbsAg) განმსაზღვრელი სწრაფი ტესტი.
შესაბამისი ცვლილება შედის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის დადგენილებაში.
დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენენ ქრონიკული ბე ჰეპატიტის ინფექციის მქონე პაციენტები, რომლებსაც აქვთ HBsAg (+) ორი დადებითი შედეგი მინიმუმ 6-თვიანი შუალედით, ასევე პირები,
რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე; პირები, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარებული აქვთ დიაგნოსტიკური კვლევა B ჰეპატიტზე, რაც დასტურდება სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მონაცემებით, ასევე 2002 წელსა და შემდგომ დაბადებული პირები.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ივნისიდან ამოქმედებული, ბე ჰეპატიტის პროგრამა ითვალისწინებს ტესტირებას და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში ვაქცინაციას. ხოლო თუ ვირუსი გამოვლინდება, იწყება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. იმ შემთხვევაში თუ ვირუსს უკვე დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები, მედიკამენტოზური მკურნალობა იწყება.ყველა სამედიცინო სერვისი პაციენტებისთვის უფასოა.
ექიმების თქმით, დიაგნოზის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და მკურნალობის დაწყება იცავს არა მხოლოდ პაციენტს, არამედ გარშემომყოფებსაც, რადგან მკურნალობის შემთხვევაში ვირუსის გავრცელების რისკი მცირდება
ბე ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკული ანთებაა, რომელსაც ბე ჰეპატიტის ვირუსი იწვევს. ხშირ შემთხვევაში პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა ესაჭიროება. ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანს სხვადასხვა გზით, მათ შორის სისხლით და სქესობრივი კონტაქტით გადაედება.
2000-იანი წლების დასაწყისიდან, საქართველოში, ახალშობილებს ბე ჰეპატიტზე აცრა უტარდებათ. ამ პერიოდამდე დაბადებული ადამიანები კი რისკის ქვეშ არიან, ამიტომ ექიმები მოქალაქეებს პრევენციისკენ მოუწოდებენ.





