ქვეყანაში სათამაშოების ხარისხის კონტროლი მკაცრდება. ერთ-ერთი ცვლილება გულისხმობს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც 2026 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდა. ცვლილებების შედეგად, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღებისა და გამოთხოვის ღონისძიებებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პროდუქტის განადგურებაც დაემატა.


ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებებია დაგეგმილი. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის განახლება ითვალისწინებს სათამაშოების უსაფრთხოების მოთხოვნების გაფართოებას, მათ შორის ისეთი ქიმიური ნივთიერებების მიმართ, როგორიცაა ფტალატები, აზბესტი, ფორმალდეჰიდი, ბენზენი და ალუმინი. ამ ეტაპზე სათამაშოები ლაბორატორიულად მოწმდება ტყვიის, ბორის, დარიშხანის, სპილენძისა და სხვა ნივთიერებების შემცველობაზე. ბაზარზე ამოღებული, შემოწმებული ნიმუშებიდან კი ყველაზე მეტი დარღვევა  ე.წ. ტყლარწებში, რბილ და წვრილი ნაწილების მქონე სათამაშოებში აღმოჩნდა. 

ამ თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ექიმების თქმით, სათამაშოებში ამ ტოქსიკური ნივთიერებების არსებობამ შესაძლოა, ნერვული სისტემის დაზიანება, ალერგიული რეაქციები, მომავალში კი ფილტვის, თირკმლისა და სხვა ორგანოების დაზიანებები გამოიწვიოს. პედიარტ ივანე ჩხაიძის თქმით, აზბესტის შემცველობის რისკი არსებობს ქვიშის შემცველ სათამაშოებში, რომლებიც ბავშვებში ძალიან პოპულარულია, ფტალატები კი სათამაშოს დასარბილებლად გამოიყენება. 


ჩამოთვლილი ნივთიერებები, რომელთა შემცველობაზე ქართულ ბაზარზე სათამაშოები შემოწმდება, ონკოლოგიური დაავადებების (მათ შორის ლეიკემიის) განვითარების საფრთხეებს ზრდის, ასევე შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს რეპროდუქციულ სისტემაზე. ივანე ჩხაიძის განმარტებით, ამ ნივთიერებებთან ხანგრძლივმა კონტაქტმა და ორგანიზმში მოხვედრამ ბავშვის ჯანმრთელობას, შესაძლოა, სერიოზული საფრთხეები შეუქმნას, ამიტომ მშობლებს ამ კუთხით ყურადღება მართებთ. 


სპეციალისტების თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია სათამაშოს ფიზიკური მახასიათებლებიც. მაგალითად, აქვს თუ არა ისეთი მცირე დეტალები, რომლებიც ადვილად სცილდება სათამაშოს და ბავშვისთვის გადაყლაპვის საფრთხეს ქმნის. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რამდენად შეესაბამება სათამაშო ბავშვის ასაკს.