ამოქმედებული რეგულაციებისა და სანქციების მიუხედავად, ქართულ ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სათამაშოები ისევ იყიდება, რასაც მათი ამოღების ფაქტები  ადასტურებს.

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მონაცემებით, რომელიც ამ საკითხზე პასუხისმგებელი უწყებაა, ბოლო პერიოდში ამოღებულ იქნა ყვითელი ფერის იხვის ფორმის სააბაზანო სათამაშო, რომლის ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოს სძვრება პატარა ნაწილი, რომელმაც გადაყლაპვის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები.

იმავე მიზეზით ამოღებულიასათამაშო კუბიკების ფერადი ნაკრები თანმხლები ასაწყობი დეტალებით, ასევე კუბიკების ფერადი ნაკრები, სასახლისა და მანქანის ასაწყობი.

ამოღებულ სათამაშოებს შორისაა საჩხაკუნო სათამაშოს ნაკრები "BABY CONCERT". მის შესახებ სააგენტო განმარტავს: „სათამაშოს გამოეყოფა მცირე ნაწილები, რომლის ფორმიდან და ზომიდან გამომდინარე პირის ღრუში ჩადების, ხახაში მოხვედრის ან ქვედა სასუნთქ გზებში გაჭედვის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების დახშობა და ბავშვის გაგუდვა.“

საფრთხის შემცველ სათამაშოებს შორისაა  ელემენტებზე მომუშავე წითელი ფერის სათამაშო მობილური ტელეფონი, რომლის  ელემენტის (ბატარეის) პირში ჩადებამ ან გადაყლაპვამ ორგანიზმისთვის შესაძლოა გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების მძიმე ქიმიური დამწვრობა და ქსოვილების დაზიანება.

ასევე ამოღებულია ჩვილი ბავშვებისთვს განკუთვნილი საჩხაკუნოები და რბილი სათამაშოები.

ბოლო პერიოდში ბაზრიდან ამოღებულ საბავშვო პროდუქტებს შორის აღარ ფიგურირებს ე.წ. ტყლარწი, რომელიც მანამდე არაერთხელ იქნა ამოღებული მასში შემავალი საშიში ქიმიური ნივთიერებების გამო.