2017 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ამოქმედებული დიფერენცირებული პაკეტების განსაზღვრის კრიტერიუმები უნდა გადაიხედოს - ამის შესახებ ექსპერტების ნაწილი საუბრობს., კერძოდ, მათი თქმით, უნდა გაიზარდოს წლიური შემოსავლების 40 000-ლარიანი ზღვარი, რომელზე მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა. მისი მიზანი იყო, მკურნალობა მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მოგვიანებით მასში ცვლილელებები შევიდა, რომელთა თანახმად, პაკეტების პირობები ადამიანების შემოსავლების მიხედვით განისაზღვრა. მაგალითად, სოცდაუცველებს, 6 წლამდე ბავშვებს, სტუდენტებსა და სხვა კატეგორიას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტები დაუწესდათ, მათთვის კი, ვისაც გარკვეული შემოსავალი უფიქსირდებათ, შედარებით დაბალი ლიმიტები განისაზღვრა. ყველაზე მაღალშემოსავლიან მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვერ სარგებლობენ და მათ კერძო დაზღვევის შეძენა შეუძლიათ.
თუმცა ყველა მოქალაქეს, შემოსავლის მიუხედავად, სახელმწიფო სრულად უფინანსებს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასა და მშობიარობას. მოქმედებს სხვა სახელმწიფო პროგრამებიც სხვადასხვა ქრონიკული და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.
ჯანდაცვის ექსპერტი თენგიზ ვერულავა აცხადებს, რომ 2017 წლის შემდეგ ქვეყანაში ფასები გაიზარდა, გვაქვს ინფლაცია, ამის გათვალისწინებით კი აუცილებელია, 40 ათასლარიანი ზღვარი გადაიხედოს.
„40 ათასი ლარი წლების წინ დადგინდა. მას შემდეგ ფასთა ცვლილება მოხდა და სახელმწიფომ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს,“ - აცხადებს თენგიზ ვერულავა.
ამ ეტაპზე სახელმწიფო დონეზე აღნიშნული საკითხის განხილვის შესხცებ ცნობილი არ არის. შესაბამისად, 40 ათასლარიანი ზღვარი ისევ ძალაშია.





