17 ნოემბერი საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის საერთაშორისო დღეა. მისი მიზანი დაავადების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
საქართველოში, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მოსახლეობისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის, სკრინინგისა და მკურნალობის სერვისები.
სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2026 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყნის მასშტაბით გასვლითი სკრინინგის კამპანია დაიწყო. ოქტომბრის მდგომარეობით, 275 აქციის ფარგლებში სკრინინგული კვლევა 4 600-ზე მეტმა ქალმა ჩაიტარა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაცია შესაძლებელია ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაციით, რეგულარული სკრინინგით, ასევე გამოვლენილი ცვლილებების დროული დიაგნოსტიკითა და მკურნალობით.
საქართველოში პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. გეგმური ვაქცინაცია 10, 11 და 12 წლის გოგონებსა და ბიჭებში ტარდება. დამატებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინაცია უფასოდ ხელმისაწვდომია 13-დან 45 წლის ჩათვლით ქალებსა და მამაკაცებში.
ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში. საქართველოში ხელმისაწვდომია 9-ვალენტიანი ვაქცინა, რომელიც პრეკვალიფიცირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და უზრუნველყოფს ადამიანის დაცვას პაპილომავირუსის ყველაზე გავრცელებული და კიბოს გამომწვევი ტიპებისგან.





