აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) მიმდინარე წელს ქვეყანაში წითელასთან დაკავშირებული გარდაცვალების ექვსი შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ხუთშაბათს გამოქვეყნდა.

განახლებული მონაცემებით, 2026 წელს წითელასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემს ორჯერ აღემატება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მაღალკონტაგიოზური ვირუსის გავრცელების მასშტაბზე. შეერთებულ შტატებში წითელა 2000 წელს აღმოფხვრილად გამოცხადდა, თუმცა ქვეყანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაავადების ყველაზე მასშტაბურ დაბრუნებას ებრძვის.

CDC-ს არ დაუკონკრეტებია, აშშ-ის რომელ შტატებში დაფიქსირდა მის მიერ დადასტურებული გარდაცვალების 6  ფაქტი.

აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის  წესების მიხედვით, ფედერალური სტატისტიკა ეყრდნობა ჯანმრთელობის სტატისტიკის ეროვნული ცენტრის (NCHS) მიერ გადამოწმებულ მონაცემებს გარდაცვალების მიზეზების შესახებ.

წითელა მაღალკონტაგიოზური ვირუსული დაავადებაა, თუმცა მისი პრევენცია შესაძლებელია წითელას, ყბაყურასა და წითურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინით (MMR). ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ მისი ეფექტიანობა დაახლოებით 97%-ს შეადგენს.

აშშ-ში წითელას შემთხვევების მკვეთრი ზრდის მთავარ მიზეზად ვაქცინაციის არასაკმარისი დონე და მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში კოლექტიური იმუნიტეტის შესუსტება სახელდება.

სპეციალისტების განმარტებით, წითელას ვირუსი ახალი არ არის. ის წლების განმავლობაში კონტროლდებოდა მასობრივი ვაქცინაციის წყალობით, მაგრამ ბოლო პერიოდში ვაქცინაციის მოცვის შემცირებამ დაავადებას ხელახლა გავრცელების შესაძლებლობა მისცა.
CDC-ის მონაცემებით, აშშ-ის საბავშვო ბაღებში მიმავალი ბავშვების MMR ვაქცინაციის მოცვა 2019–2020 სასწავლო წელს 95.2% იყო, ხოლო 2025–2026 წლებში 92.4%-მდე შემცირდა.
ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა, რადგან წითელას გავრცელების შესაჩერებლად მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს.