პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრებზე მიმართვიანობა ისევ დაბალია. მართალია, ბოლო პერიოდში ამ კუთხით ცნობიერება შედარებით გაზრდილია, თუმცა ვაქცინაციით მოსახლეობის მოცვა არასაკმარისია. 
თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს და აღნიშნავს, რომ ეს ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. ხშირად ადამიანმა არც კი იცის, რომ მისი მატარებელია, თუმცა ვირუსის ზოგიერთმა ტიპმა შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მათ შორისაა საშვილოსნოს ყელის კიბოც.
თუმცა იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ამ სახის კიბოსგან თითქმის 100%-იანი დაცვის გარანტი ვაქცინა არსებობს და ის მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოა, დაინტერესება მაინც დაბალია.

საქართველოში აცრას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და მისი გაკეთება 11-დან 45 წლის ჩათვლით ასაკის ქალებსა და მამაკაცებს უფასოდ შეუძლიათ. ვაქცინას 15 წლამდე მოზარდები ექვსი თვის ინტერვალით ორჯერ იკეთებენ, ხოლო 15-დან 45 წლამდე - სამჯერ. ექსპერტების თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია მაშინაც კი, როცა ადამიანს უკვე აქვს ვირუსული ინფექციის რომელიმე ტიპი.

რეპროდუქტოლოგ თათია ტუღუშის თქმით, ამ ვირუსის გადამტანი მამაკაცია, თუმცა მამაკაცებში ამ ვირუსის აღმოსაჩენი ტესტი არ არსებობს. ამასთან, მათში ვირუსი უსიმპტომოა. 


მისი განმარტებით, პრობლემაა ის, რომ მამაკაცი 4 ვირუსის მტარებელიც რომ იყოს, შეიძლება ეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ გამომჟღავნდეს და მან ეს თავის პარტნიორ ქალს გადადოს, რაც, შესაძლოა, საშვილოსნოს კიბოს განვითარების მიზეზი გახდეს. ამიტომ თათია ტუღუში როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.