ახალი კვლევის თანახმად, ქალი ექიმების მიერ ნამკურნალებ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში 30-დღიანი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12.3% იყო, ხოლო მამაკაცი ექიმების შემთხვევაში — 13.7%. როგორც სააგენტო Medimagazin წერს, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევართა ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პაციენტებს საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ სიკვდილიანობისა და განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ JAMA Network Open-ის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა.
მკვლევართა შეფასებით, შედეგები მიუთითებს შესაძლო კავშირზე ქალი ექიმების მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურებასა და ჰოსპიტალიზებული პაციენტების მოკლევადიან თუ გრძელვადიან გამოსავლებზე.
კვლევაში 958 150 პაციენტის მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც 2008 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შვიდი გავრცელებული სამედიცინო დიაგნოზის, მათ შორის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და პნევმონიის გამო, საავადმყოფოში მოხვდნენ.
მათგან 259 759 პაციენტს ქალი ექიმები მკურნალობდნენ; 698 391 პაციენტს — მამაკაცი ექიმები. ვინაიდან ჰოსპიტალიზაციის პერიოდში პაციენტის მკურნალობაში შესაძლოა რამდენიმე ექიმი მონაწილეობდეს, მკვლევრებმა შეაფასეს როგორც ძირითადი მკურნალი ექიმის სქესის, ისე პაციენტის მკურნალობაში ქალი ექიმების მონაწილეობის გავლენა შედეგებზე.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი შედეგი 30-დღიანი სიკვდილიანობის მაჩვენებელს უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ ქალი ექიმების მიერ ნამკურნალებ პაციენტებში ეს მაჩვენებელი 12.3% იყო, ხოლო მამაკაცი ექიმების მიერ ნამკურნალებ პაციენტებში — 13.7%.
განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც ქალი ექიმების შემთხვევაში შედარებით დაბალი დაფიქსირდა: ქალი ექიმები — 18.6%;
მამაკაცი ექიმები — 18.9%.
მსგავსი შედეგები დაფიქსირდა 90-დღიანი და ერთწლიანი დაკვირვების პერიოდებშიც.
მკვლევრები შედეგების შესაძლო მიზეზებად ქალი ექიმების კომუნიკაციისა და მკურნალობის თავისებურებებს ასახელებენ.
მათი ვარაუდით, ქალი ექიმები შესაძლოა უფრო ხშირად იყენებდნენ პაციენტზე ორიენტირებულ კომუნიკაციას; მეტ დროს უთმობდნენ პაციენტებთან ურთიერთობას; უფრო ხშირად მიმართავდნენ კლინიკური გაიდლაინებით გათვალისწინებულ მკურნალობის მეთოდებს; უფრო აქტიურად გადიოდნენ კონსულტაციას კოლეგებთან; მეტ ყურადღებას უთმობდნენ პაციენტთან ერთად გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
თუმცა მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კვლევას არ დაუდგენია, თითქოს სწორედ ეს ქცევებია შედეგების პირდაპირი მიზეზი.
კვლევის მთავარმა ავტორმა, დოქტორმა ანჯელა ჯერათმა განმარტა, რომ კვლევის მიზანი არ ყოფილა ექიმთა ერთი ჯგუფის მეორეზე უპირატესობის დამტკიცება.
მისი თქმით, მთავარი ამოცანაა იმ პრაქტიკისა და პროფესიული ქცევების გამოვლენა, რომლებსაც მთლიანად ჯანდაცვის სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია.
მკვლევრების განცხადებით, საჭიროა დამატებითი კვლევები იმის დასადგენად, რეალურად რამდენად განსხვავდება სამედიცინო მომსახურება ექიმის სქესის მიხედვით და ვრცელდება თუ არა მიღებული შედეგები სხვა ქვეყნებსა და ჯანდაცვის სისტემებზეც.





