აშშ-ს წითელასგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის დასაბრუნებლად ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერება და დაავადების გავრცელების უკეთესი კონტროლი დასჭირდება. ქვეყანამ ეს სტატუსი 26-წლიანი პერიოდის შემდეგ დაკარგა. თემაზე Reuters-ი წერს და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა.
სააგენტოს თანახმად, პანამერიკულმა ჯანდაცვის ორგანიზაციამ აშშ-ის ადმინისტრაციას პარასკევს წერილით აცნობა, რომ ქვეყანამ წითელასგან თავისუფალი სტატუსი დაკარგა.
ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფონზე, როდესაც აშშ ბოლო სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში წითელას შემთხვევების ყველაზე ფართო გავრცელების წინააღმდეგ იბრძვის.
2025 წლიდან მოყოლებული აშშ-ში წითელათი დაახლოებით 7 700 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გარდაიცვალა.
ეს პერიოდი ემთხვევა მოსახლეობაში იმუნიზაციის მაჩვენებლის შემცირებასა და ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის ზრდას. სტატიის თანახმად, ამ პროცესს ხელს უწყობდა აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის, რობერტ ფ. კენედი უმცროსის განცხადებებიც, რომელიც წლების განმავლობაში, მეცნიერული მტკიცებულებების გარეშე, ეჭვქვეშ აყენებდა წითელას ვაქცინის უსაფრთხოებას.
წითელასგან თავისუფალი სტატუსის დასაბრუნებლად ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ ვირუსის გადაცემა შეჩერებულია და მინიმუმ 12 თვის განმავლობაში აღარ ხდება მისი მდგრადი გავრცელება. ამასთან, აუცილებელია დაავადების მეთვალყურეობის ეფექტიანი სისტემის არსებობა.
ბრაუნის უნივერსიტეტის პანდემიის ცენტრის დირექტორის, ჯენიფერ ნუზოს განცხადებით, პენსილვანიაში, ნიუ-იორკსა და ვისკონსინში წითელას ახალი აფეთქებები კვლავ ფიქსირდება. შესაბამისად, არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყნის მასშტაბით შეწყდა. მისი აზრით, შესაძლოა, ყველა შემთხვევის აღრიცხვაც ვერ ხერხდებოდეს.
ორგანიზაციამ აშშ-ს მოუწოდა, გააძლიეროს ვაქცინაციის ღონისძიებები, რათა შეაჩეროს მაღალგადამდები ვირუსის გავრცელება.
ემორის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსის, უოლტერ ორენშტაინის თქმით, არსებული გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდა საზოგადოების პრაქტიკულად ყველა ფენაში.
ექსპერტების შეფასებით, COVID-19-ის პანდემიის დროს და მის შემდეგ მოსახლეობის ნდობა ვაქცინაციის მიმართ შემცირდა.
მათი თქმით, კენედისა და თეთრი სახლის განცხადებებმა წითელას, ყბაყურასა და წითურას საწინააღმდეგო MMR ვაქცინის შესაძლო საფრთხეების შესახებ ეს უნდობლობა კიდევ უფრო გააძლიერა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციას მხარს უჭერს, მთავრობამ მილიონობით დოლარი გამოყო ვაქცინების უსაფრთხოების შესასწავლად და რამდენიმე შტატს საჯაროდ მოუწოდა, სკოლებში ვაქცინაციის სავალდებულო მოთხოვნები შეემსუბუქებინა.
ანალიტიკოს ჯოშ მიქოს თქმით, მოსახლეობის ნდობის აღდგენას დრო და პასუხისმგებელი პირების თანმიმდევრული მუშაობა სჭირდება.
სპეციალისტების განცხადებით, MMR ვაქცინის ორი დოზა წითელას გავრცელების შეჩერებაში 97%-ით ეფექტიანია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს, რომ მოსახლეობის 95%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღოს. ეს მაჩვენებელი აუცილებელია ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად, რომელიც იცავს იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ვაქცინაცია არ შეუძლიათ.
CDC-ის აგვისტოს მონაცემებით, 2025–2026 სასწავლო წელს საბავშვო ბაღებში მოსიარულე ბავშვების ვაქცინაციის მაჩვენებელი 92.4% იყო.
თუმცა აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.
მაგალითად, მიმდინარე წლის დასაწყისში სამხრეთ კაროლინაში წითელას აფეთქების დროს სპარტანბურგის ოლქის ზოგიერთ სკოლაში ბავშვების იმუნიზაციის მაჩვენებელი მხოლოდ 20%-ს შეადგენდა.
ექსპერტების აზრით, აშშ-ს ასევე სჭირდება დაავადების მეთვალყურეობის ქსელების გაუმჯობესება, ვირუსის დროული გამოვლენისა და ლაბორატორიული ტესტირების გაძლიერება, ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაზრდა, ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება და ინფექციის გავრცელების ჯაჭვების დროული შეწყვეტა.





