2027 წლისთვის ინკლუზიური განათლების დაფინანსების უპრეცედენტო, თითქმის 40%-იანი ზრდაა გათვალისწინებული. ამის შესახებ აღინიშნა ინკლუზიური სერვისების განვითარების საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაზე, რომლის საბჭოს წევრებსაც განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს რა გაკეთდა გასული ერთი წლის განმავლობაში ინკლუზიური განათლების მიმართულებით და რისი გაკეთება იგეგმება.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული მიმართულების დაფინანსება 101 მილიონი ლარიდან 139 მილიონ ლარამდე იზრდება, რაც, მისივე განმარტებით, ინკლუზიური განათლების განვითარებისადმი სახელმწიფოს განსაკუთრებულ მხარდაჭერაზე მიუთითებს.


„რეფორმის დაგეგმვაში დაგვეხმარა “საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე”, რომლის ფარგლებშიც 15 რეგიონულ შეხვედრაში 2 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო.

შევიმუშავეთ ინკლუზიური განათლების რეფორმის გეგმა, რომელიც განათლების ყველა საფეხურს მოიცავს. მისი პრიორიტეტებია ბავშვების საგანმანათლებლო საჭიროებების ადრეული გამოვლენა, სპეციალისტების მომზადება, ოჯახების მხარდაჭერა და ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დასაქმებისთვის მომზადება.
საბჭოს წევრებთან ერთად ვიმსჯელეთ, როგორ გავაძლიეროთ უწყებათაშორისი თანამშრომლობა და კოორდინაცია, რომ ბავშვებმა საქართველოს ყველა რეგიონში დროულად მიიღონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა,“ - აღნიშნავს ბაია კვიციანი.