წონის კლების პრეპარატის Wegovy-ს აბების კვარტალური გაყიდვების ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. ეს მწარმოებელ კომპანიას, დანიურ Novo Nordisk-ს ეხმარება, დაიბრუნოს პოზიციები, რომლებიც ბოლო წლებში ამერიკელ კონკურენტ Eli Lilly-სთან ბრძოლაში დაკარგა.
ამის შესახებ სტატიას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ Novo Nordisk-ი, რომელმაც ბოლო წლებში გაყიდვებისა და აქციების ფასის შემცირების შემდეგ სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატების ბაზარზე პოზიციების აღდგენა დაიწყო.
კომპანიის განცხადებით, მესამე კვარტალში შედეგების გაუმჯობესება განპირობებული იყო გაყიდვების მოცულობის ზრდით, განსაკუთრებით სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართულებით, როგორც აშშ-ში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ახალი პროგნოზი საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების ზრდას, ხოლო აშშ-ში შემცირებას ითვალისწინებს.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ დუსტდარმა ინტერვიუში განაცხადა, რომ Novo-მ კონკურენტ Lilly-ს მიერ საკუთარი ტაბლეტის გამოშვების შემდეგ პოზიციების შენარჩუნება შეძლო.
მისი თქმით, კომპანია კონკურენციას წარმატებით უძლებს, თუმცა Lilly ცდილობს ვითარების შეცვლას და Novo Nordisk-ი ყურადღებით აკვირდება მის მოქმედებებს.
ოთხშაბათს ვაჭრობის დაწყებისას Novo Nordisk-ის აქციების ფასი 6.6%-ით გაიზარდა, მოგვიანებით კი ზრდამ 1.9% შეადგინა.
2021 წელს Wegovy-ს გამოშვების შემდეგ Novo Nordisk-ის აქციებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. 2023 წელს კომპანია ევროპის ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ მოგვიანებით 600 მილიარდ დოლარსაც გადააჭარბა.
თუმცა მას შემდეგ კომპანიის აქციების ფასი მაქსიმალური ნიშნულიდან 70%-ზე მეტით დაეცა, მაშინ როდესაც Eli Lilly-ს აქციები მნიშვნელოვნად გაძვირდა.
Eli Lilly-მაც გასულ კვირას გაზარდა საკუთარი ფინანსური პროგნოზი მას შემდეგ, რაც მოგების მაჩვენებლით ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. ამის მთავარი მიზეზი წონის დასაკლებად განკუთვნილ საინექციო პრეპარატებზე მზარდი მოთხოვნა იყო.
საინვესტიციო ფონდის Union Investment-ის პორტფელის მმართველის, მარკუს მანისის შეფასებით, Novo Nordisk-ის შედეგები აჩვენებს, რომ ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიის სტაბილიზაცია შეძლო.
თუმცა, მისი აზრით, სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტების ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო გამწვავდება.
აშშ-ში იანვარში გამოშვებულმა პრეპარატმა მესამე კვარტალში 5.39 მილიარდი დანიური კრონის (დაახლოებით 810 მილიონი დოლარი) შემოსავალი მოიტანა.
ეს მეორე კვარტალთან შედარებით 53%-იანი ზრდაა და მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევ 4.62 მილიარდ კრონს.
Novo Nordisk-ის აქციონერის, ლარს ჰიტინგის განცხადებით, საინექციო პრეპარატების ბაზარზე Eli Lilly აშკარა ლიდერია, თუმცა ტაბლეტების მიმართულებით უპირატესობა Novo Nordisk-ს აქვს.
კომპანიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი სირთულეები გადაიტანა, მათ შორის მოგების პროგნოზის შემცირება და ხელმძღვანელობის ცვლილება.
Wegovy-ს ტაბლეტები ამჟამად უკვე რვა ბაზარზე იყიდება.





