შვეიცარიული ბიოტექნოლოგიური კომპანია Molecular Partners თანამშრომელთა რაოდენობის თითქმის განახევრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მისი მონაცემებით, გადაწყვეტილების მიზანია კომპანიის საქმიანობის უფრო ვიწრო მიმართულებაზე კონცენტრირება — კერძოდ, რადიოთერაპიული მედიკამენტების შემუშავებაზე, რაც კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სფეროა.
კომპანიის განცხადებით, თანამშრომელთა რაოდენობა შესაძლოა 44%-ით, ანუ მაქსიმუმ 55 პოზიციით შემცირდეს. Molecular Partners კლინიკური განვითარების ეტაპზე მყოფი ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებთან, როგორებიცაა Novartis და AbbVie.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, პატრიკ ამსტუცის განცხადებით, წამყვანი კანდიდატი პრეპარატის, MP0712-ის, კლინიკური კვლევებიდან მიღებული საწყისი მონაცემები კომპანიის სტრატეგიის შეცვლის საფუძველი გახდა.
Molecular Partners გეგმავს, რესურსები მიმართოს მიზნობრივი რადიოთერაპიის განვითარებაზე და პრიორიტეტი მიანიჭოს იმ მედიკამენტებს, რომლებსაც კიბოს უჯრედებზე მიზანმიმართული ზემოქმედება შეუძლიათ.
MP0712 კომპანიის წამყვანი საკვლევი პრეპარატია, რომელიც ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოსა და სხვა ნეიროენდოკრინული სიმსივნეების სამკურნალოდ მუშავდება.
კომპანიის ინფორმაციით, თანამშრომელთა შემცირების პროცესი შვეიცარიის შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია თანამშრომლებთან კონსულტაციები.
რესტრუქტურიზაციის ძირითადი ეტაპი 2027 წლის მეორე კვარტლისთვის უნდა დასრულდეს.





