ჩინურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Hansoh Pharmaceutical-მა შვეიცარიულ ფარმაცევტულ გიგანტ Roche-სთან პარტნიორობისა და ლიცენზირების შეთანხმება გააფორმა. გარიგება კიბოს სამკურნალო პრეპარატების შემუშავების პროგრამებს მოიცავს და მისი პოტენციური ღირებულება 15 მილიარდ დოლარს აღემატება
თემაზე Reuters-ი წერს და აღნიშნავს, რომ შეთანხმების პირობების მიხედვით, ჩინური კომპანია მიიღებს 400 მილიონ დოლარს — საწყისი გადახდის სახით, 110 მილიონ დოლარს  შეთანხმების პირველი წლისთავზე, ხოლო 15 მილიარდ დოლარზე მეტ პოტენციურ დამატებით ანაზღაურებას — პრეპარატების შემუშავების, მარეგულირებელი ორგანოებისგან დამტკიცებისა და კომერციალიზაციის ეტაპებზე მიღწეული შედეგების მიხედვით.

შესაბამისად, 15 მილიარდი დოლარი  გარიგების გარანტირებული თანხა არ არის — მისი მიღება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებით გაივლის პრეპარატები შემუშავებისა და კომერციალიზაციის ეტაპებს.


შეთანხმება ანტისხეულთან დაკავშირებული წამლის კონიუგატების (ADC) რამდენიმე პროგრამას მოიცავს. ეს არის კიბოს საწინააღმდეგო მიზნობრივი თერაპიის მეთოდი, რომლის დროსაც ანტისხეული ქიმიოთერაპიულ ნივთიერებას სიმსივნურ უჯრედამდე მიიტანს და ამით ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანების შემცირებას ცდილობს.

მსხვილი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიები სულ უფრო ხშირად თანამშრომლობენ ჩინურ ბიოტექნოლოგიურ და ფარმაცევტულ კომპანიებთან. ასეთი პარტნიორობა მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ წვდომა ახალ ტექნოლოგიებსა და პერსპექტიულ პრეპარატებზე, ხოლო ჩინურ კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისა და საკუთარი აღმოჩენების კომერციული ღირებულების გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.