აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, 2026 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში წითელას 4 852 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა ანგარიშთან შედარებით 264 შემთხვევით მეტია.

Reuters-ის ცნობით, CDC-ის მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წელს წითელასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობამ 511 შეადგინა, რაც რეგისტრირებული შემთხვევების დაახლოებით 11%-ია. ასაკობრივი განაწილება ასეთია: 5–19 წლის ასაკის პირებში 2 010 შემთხვევა დაფიქსირდა, 20 წლის და უფროსი ასაკის პირებში 1 996 შემთხვევა, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში კი 812 შემთხვევა.


CDC-ის მონაცემებით, ინფიცირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელი იყო ან მათი ვაქცინაციის სტატუსი უცნობი იყო. ასეთი შემთხვევები 2026 წელს საერთო რაოდენობის 96%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი 93% იყო.

პენსილვანიის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წელს შტატში წითელასთან დაკავშირებული ხუთი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.


ამასთან, CDC-ს ამ დროისთვის მხოლოდ სამი წითელასთან ასოცირებული გარდაცვალების შემთხვევა აქვს დადასტურებული. სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, რომელ შტატებში მოხდა ეს შემთხვევები.
პენსილვანიაში მიმდინარე წელს წითელას 1 398 შემთხვევაა რეგისტრირებული.