ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საფრანგეთის ხელისუფლებასთან კოორდინაციით, ლიონში შამონდას ვირუსით ადამიანის გარდაცვალების გარემოებების დადგენას აგრძელებს.
ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუს“ ჯანმო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ლინდმაიერმა განუცხადა.
„ჯანმო ყურადღებით აკვირდება ვითარებას და ინფორმაციის გაცვლას ახორციელებს ქვეყნებთან საერთაშორისო სამედიცინო-სანიტარიული წესების შესაბამისად, აგრეთვე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე პარტნიორებთან — გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WOAH)“, — განაცხადა ლინდმაიერმა.
მისი თქმით, ჯანმო კონტაქტზეა საფრანგეთის ხელისუფლებასთან, რომელიც აგროვებს მონაცემებს ინფექციის წყაროს, გადაცემის შესაძლო გზებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის პოტენციური რისკების შესახებ, რათა უკეთ შეისწავლოს შამონდას ვირუსით ადამიანის ინფიცირების ეს პირველი დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევა.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა შეახსენა საზოგადოებას, რომ შამონდას ვირუსით გამოწვეული ინფექცია ადამიანებში მანამდე გამოვლენილი არ ყოფილა და ეს ადამიანში მისი არსებობის პირველი დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევაა.
„ზოგადად, ადამიანებს, განსაკუთრებით ცხელ და ნოტიო სეზონზე, როდესაც ისინი გარეთ იმყოფებიან, შეუძლიათ მიიღონ ზომები ბუზებისა და სხვა მწერების ნაკბენისგან თავის დასაცავად — გამოიყენონ კანზე წასასმელი რეპელენტები ან ჩაიცვან ისეთი ტანსაცმელი, რომელიც კანს ფარავს“, —გასცა რეკომენდაცია ლინდმაიერმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანმო-ს შამონდას ვირუსთან დაკავშირებული რისკების ოფიციალური შეფასება ჯერ არ ჩაუტარებია. მისი განცხადებით, არსებული ინფორმაციისა და მონათესავე ვირუსების გადაცემის გზების შესახებ მონაცემების საფუძველზე, საუბარია ადამიანის ინფიცირების ერთეულ შემთხვევაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ვირუსის უფრო ფართო გავრცელებას არ გამოიწვევს.
ლინდმაიერმა ასევე აღნიშნა, რომ ბუზების მეშვეობით გადამდები ვირუსების გავრცელების პოტენციალი, როგორც წესი, წლის უფრო ცივ თვეებში მცირდება.
„საფრანგეთის ხელისუფლების მონაცემებით, პაციენტს განუვითარდა თავის ტვინის გართულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, შამონდას ვირუსთან არის დაკავშირებული. ხელისუფლების ინფორმაციითვე, პაციენტს იმუნური სისტემა დათრგუნული ჰქონდა, რაც მას შესაძლოა ინფექციის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდიდა და დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკს ზრდიდა. პაციენტი იმყოფებოდა რაიონში, სადაც შამონდას ვირუსი ცხოველებში ცირკულირებს და გავრცელებულია Culicoides-ის გვარის ბუზები. ინფექციის გადაცემის შესაძლო გზების შესწავლა კვლავ გრძელდება“, — განმარტა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში მანამდე განაცხადეს, რომ თვის დასაწყისში ლიონის ერთ-ერთ საავადმყოფოში მყოფ პაციენტს შამონდას ვირუსით გამოწვეული ინფექცია დაუდგინდა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ვირუსი ადამიანებზე არ გადადის, ხოლო ლიონში დაფიქსირებული შემთხვევა წარმოადგენს „მოვლენას, როდესაც ვირუსი ადამიანში პირველად გამოვლინდა“.
ვირუსი ინფიცირებული, Culicoides-ის გვარის პატარა მკბენარი მწერების ნაკბენით გადადის ცხოველებს შორის. ადამიანში ინფიცირების ზუსტი გზა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა სავარაუდო მიზეზად ინფიცირებული მწერის ნაკბენი მიიჩნევა.
რაც შეეხება სიმპტომებს ადამიანებში, ამ ეტაპზე აღნიშნული მონაცემები ძალიან მწირია. აღწერილ ერთადერთ შემთხვევას თავის ტვინთან დაკავშირებული გართულებები ახლდა, თუმცა ვირუსის როლი ბოლომდე შესწავლილი არ არის.
ცხოველებში კი გამოხატულია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, დიარეა, რეპროდუქციული დარღვევები.
ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ამ დროისთვის დაფიქსირებული არ არის.





