წონის დასაკლები პრეპარატები ლუდის გაყიდვებს საფრთხეს უქმნის. ამ თემაზე სტატიას Reuters-ი აქვეყნებს და წერს, რომ ლუდის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა Heineken-მა ბრიტანეთის პაბებსა და ბარებს მოუწოდა, მომხმარებელთა ჩვევების ცვლილებას მოერგონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შესაძლოა კლიენტებიც დაკარგონ და შემოსავალიც შეუმცირდეთ.

კომპანიის პრეზენტაციაში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა, ნათქვამია, რომ წონის დასაკლები პრეპარატების მზარდი პოპულარობა ლუდისა და სიდრის გაყიდვებზე უარყოფითად შეიძლება აისახოს.

საქმე ეხება GLP-1 ჯგუფის მედიკამენტებს, მათ შორის Ozempic-სა და Wegovy-ს. JPMorgan-ის კვლევის თანახმად, გასულ წელს აშშ-ში ამ ტიპის პრეპარატებს დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი იღებდა.

ამ მედიკამენტების გავრცელება გავლენას ახდენს არა მხოლოდ კვების პროდუქტების ბაზარზე, არამედ ტანსაცმლისა და სხვა სამომხმარებლო საქონლის სექტორებზეც კი.

Heineken-ის შეფასებით, GLP-1 პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა ალკოჰოლის დალევის სურვილი შეამციროს. შედეგად, მომხმარებლები ნაკლებ სასმელს უკვეთავენ და ტრადიციული, რამდენიმე ჭიქა ლუდის დალევასთან დაკავშირებული შეკრებები შესაძლოა უფრო იშვიათი გახდეს.

კომპანიამ ბრიტანეთის კვებისა და სასმელების ობიექტებს რამდენიმე რეკომენდაცია მისცა:

შესთავაზონ მომხმარებლებს ლუდის ნახევარი პორცია და არა სრული. 
გააფართოონ დაბალალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების არჩევანი;

სასმელებთან ერთად შესთავაზონ მცირე ულუფის კერძები.

მიზანი ისაა, რომ მომხმარებლებმა ნაკლები ალკოჰოლის მიღების შემთხვევაშიც განაგრძონ ბარებსა და პაბებში სიარული.


კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ ეს მომხმარებლები ალკოჰოლზე სრულად უარს არ ამბობენ — ისინი უფრო ხშირად ირჩევენ მცირე პორციებს, ნაკლებალკოჰოლიან სასმელებსა და უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტებს.

ალკოჰოლის მწარმოებლები აქამდე დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ GLP-1 პრეპარატების შესაძლო გავლენას მათ ბიზნესზე, თუმცა ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ცვლილებები უკვე საგრძნობია.


კვლევითმა კომპანია Circana-მ 2024–2026 წლებში ამერიკული ოჯახების ხარჯები შეისწავლა. შედარებამ აჩვენა, რომ იმ ოჯახებმა, სადაც ერთი წევრი მაინც იყენებდა GLP-1 ჯგუფის პრეპარატებს, ალკოჰოლზე ნაკლები დახარჯეს, ვიდრე იმ ოჯახებმა, რომელთა წევრებიც ამ მედიკამენტებს არ იღებდნენ.


პრეპარატების ორწლიანი გამოყენების შემდეგ, ასეთი ოჯახების ალკოჰოლზე ყოველთვიური ხარჯი საშუალოდ დაახლოებით 7%-ით ნაკლები იყო. ლუდზე დანახარჯი კი დაახლოებით 13,5%-ით შემცირდა.

ევროპა,  შემოსავლების მიხედვით, Heineken-ის ყველაზე დიდი ბაზარია, თუმცა ამ რეგიონში კომპანიის ზრდა შენელებულია. ბრიტანეთი მისთვის შედარებით პერსპექტიულ ბაზრად რჩება — კომპანიას ქვეყანაში 2 000-ზე მეტი პაბი ეკუთვნის.


ალკოჰოლის ინდუსტრია ისედაც მრავალი წელია, რამდენიმე მსხვილ ბაზარზე გაყიდვების კლების ტენდენციას  ებრძვის. მომხმარებლები ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მიზეზების გამო ალკოჰოლს სულ უფრო ხშირად ზღუდავენ.


თუ წონის კლების პრეპარატების გამოყენება კვლავ გაიზრდება და მომხმარებლები ნაკლებ ალკოჰოლს დალევენ, პაბებსა და ბარებს მომსახურებისა და შეთავაზებების შეცვლა მოუწევთ. მწარმოებლებისთვის კი სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება მცირე პორციების, დაბალალკოჰოლიანი სასმელებისა და პრემიუმ პროდუქციის განვითარება.

შესაბამისად ლუდის გაყიდვების შემცირებას მხოლოდ წონის დასაკლები პრეპარატები არ იწვევს. ალკოჰოლის მოხმარებაზე გავლენას ეკონომიკური პირობები, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მომხმარებელთა ცხოვრების წესის ცვლილებაც ახდენს.