მმართველი გუნდის მიერ სუროგაციის აკრალვის გადაწყვეტილების გამოცხადებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. 

დაგეგმილი რეგულაციების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, 98 პროცენტი უცხოეთის მოქალაქეა, ვინც საქართველოში სუროგაციის სერვისით სარგებლობს საქართველოში, ხოლო, საკუთარ მოქალაქეებს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ დედობისა და მშობლობის უფლების დაცვის მხრივ.

„როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და ამის რისკზე, რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ აქ ნუ მათქმევინებთ რა ფაქტები ვიცით, მაგრამ, ერთს გეტყვით და ძალიან მარტივი გასაგები იქნება, დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც, საზოგადოებისთვისაც: ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნები არ არის შეზღუდული სად გადიან, მარტივად, ჩვენს სახელმწიფოში ხდება ეს ყველაფერი, ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნოლი კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე, სად მიდის. მოდი ამით ამოვწუროთ ეს საკითხი. გიდასტურებთ, რომ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტი ჩვენთვის ცნობილია.

98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით. სადღაც 2% დაახლოებით არის საქართველოს მოქალაქე და სრულიად ლეგიტიმურია თუნდაც იმ 2%-ის კითხვა, რომელმაც შეიძლება ვეღარ ისარგებლოს [სუროგაციით]. მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ - ასე კონკრეტიკაში ნუ შემიყვანთ - რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ყველანაირი გზით.
მაგრამ როდესაც ასეთ რისკებზე გვაქვს საუბარი და როდესაც ეხლა ციფრები მოგიყვანეთ - 98 პროცენტის 2-თან შედარება, დამერწმუნეთ, ჩვენ ის საზოგადოება ვართ, ის ქვეყანა ვართ, იმ მენტალობის ქვეყანა ვართ, იმ რწმენის ქვეყანა ვართ და იმ შეხედულების ქვეყანა ვართ, რომ ის 2%-იც თუ პროცენტნახევარიც ძალიან გაგებით მოეკიდება იმ ძალიან დიდ რისკებს, რომელი რისკებიც ჩვენ აქ ჩამოვთვალეთ," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.


მისივე განმარტებით, ე.წ. „ინვიტრო“ განაყოფიერებას აკრძალვა არ შეეხება. 


როგორც მან ღნიშნა, სუროგაცია ბევრი რისკის შემცველი ფაქტორის გამო სრულიად აიკრძალება, მათ შორის, ტრეფიკინგისა და ქალთა ექსპლუატაციის საფრთხეების გამო, „რადგან წლების განმავლობაში ამ სფეროს კომერციალიზაცია მოხდა, რასთან ერთადაც რისკები გაიზარდა“.

„სუროგაცია სრულად იკრძალება და საინტერესოა ვისგან უნდა მოყვეს მძაფრი და მწვავე რეაქცია. მზად ვართ მოვისმინოთ ეს მწვავე და მძაფრი რეაქცია, შევიდეთ დისკუსიაში და გავცეთ პასუხები. ძალიან საინტერესო იქნება, რა არგუმენტები ექნებათ ამ მწვავე რეაქციის ავტორებს. 

ჯერ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და დროთა განმავლობაში ჟურნალისტები და დაინტერესებული მხარეები მეტს გაიგებენ, უბრალოდ პრაქტიკაზე როცა ვსაუბრობთ, თითქმის ქვეყანა აღარ არსებობს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიც, რომ ავიღოთ ან აკრძალულია ან ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული, მაგრამ რაც შეეხება ამ თემის კომერციალიზაციას, რამაც რეალურად წლების შემდეგ, 2023 წელსაც იდგა, მაგრამ ციფრები რომ შეადაროთ 2023 წლის ვითარება ამ ბაზარზე, სამწუხაროდ, ამ სიტყვის გამოყენება მიწევს და დღევანდელი ციფრები კოლოსალურად არის გაზრდილი. ეს წარმოშობს შემდეგ იმ უმნიშვნელოვანეს რისკებს, რაც შემდგომში ჩამოვთვალეთ, აქაც ძალიან ოქროს შუალედში უნდა გავიაროთ და ვისაც უსარგებლია ამ სერვისით, მათზე არ ვსაუბრობთ, სიცოცხლეა და აქ არ შევდივართ, რაც იყო და როგორც იყო. ჩვენ ვაზღვევთ მომავალ რისკებს, რომელიც ამ საკითხს თან სდევს. ფაქტობრივად, 5-6 ქვეყანაა, მათ შორისაა საქართველოც, პოსტ-საბჭოთა სივრციდან, სადაც ჯერ კიდევ ეს თემა დარჩენილია. ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოა და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მხოლოდ სუროგაციას ეხება თემა და მის სრულიად აკრძალვას.


აკრძალვის შემდეგ კიდევ უფრო ორმაგად და სამმაგად საკონტროლებელია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტულად ეს მიმართულება სრულიად ასაკრძალია, აქ შეიძლება საზოგადოებას წინასწარ გაუჩნდეს კითხვა, ე.წ „ინვიტრო" განაყოფიერება  რჩება ისევ, როგორც არის, ბევრი ფაქტორისა და მიზეზის გამო. საკმაოდ ობიექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება. მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ამ სერვისით სარგებლობას, მაგრამ კონკრეტულად ეს საკითხი [სუროგაცია], რომელიც მართლაც დიდ სფეროდ გადაიქცა და წლიდან წლამდე ვნახეთ, რომ გაიზარდა, მასთან ერთად ძალიან გაზარდა ის ეთიკური და არა მხოლოდ, მათ შორის, ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის რისკები, ამას ვერ დავუშვებთ, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, - განაცხადა კირცხალიამ.


შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ბოლოს  პარლამენტში აქტიურად განიხილებოდა კანონპროექტი, რომლის თანახმად, სუროგაცია კომერციული საქმიანობის სფერო აღარ უნდა ყოფილიყო და მთლიანად ქველმოქმედების სფეროში უნდა გადასულიყო. მაშინ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ფინანსური თუ სხვა სახის სარგებელი ითვალისწინებს მხოლოდ კომპენსაციას სუროგატის დახარჯული დროისთვის, დისკომფორტისთვის, ასევე სამედიცინო ხარჯებისთვის. იკრძალება სუროგაციის და ინვიტრო განაყოფიერების სერვისების მიწოდება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. მაშინდელი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ლიცენზირებას, რეკლამის აკრძალვას, წესრიგდება კლინიკური საკითხები, სამინისტრო იღებს ცენტრალური მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქციას.

სამინისტროს პოზიციაა, რომ აღნიშნული დარგის რეგულაცია აუცილებელია გარკვეული რისკების გამო. კერძოდ, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მედიცინის დახმარებით რეპროდუქციით დაბადებული ბავშვი საქართველოს ტოვებს, ქვეყანა მასზე პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს, რაც საერთაშორისო დონეზე, შესაძლოა, გარკვეულ რეპუტაციულ რისკებსაც აჩენდეს. უწყებაში ამბობენ, რომ სერვისის შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკს სჭირდება კონტროლი, როგორც ამას ევროპის ქვეყნები ახორციელებენ.


პროექტის პირველადი ვარიანტი რეგულაციების 2025 წლის იანვრიდან ამოქმედებას ითვალისწინებდა, შემდგომში კი ეს ვადა ერთი წლით შემცირდა და კანონი ძალაში 2024 წლის იანვრიდან უნდა შესულიყო. თუმცა განხილვები შეჩერდა.

პროცესში განხილულ იქნა არაერთი შენიშვნა როგორც კლინიკების, ისე  კომიტეტების მხრიდან. 
რა განსხვავება იქნება მაშინდელ და ახალ კანონპროექტებს შორის სუროგაციის რეგულაციის შესახებ - ამ ეტაპზე უცნობია.