ეროვნული სკრინინგ-ცენტრი აგრძელებს მოსახლეობის ინფორმირებულობას სკრინინგული კვლევების აუცილებლობის შესახებ. კამპანიამ განსაკუთრებული აქტიურობა ოქტომბერში შეიძინა, როცა მთელს მსოფლიოში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების თვე - ვარდისფერი ოქტომბერი აღინიშნება.

„შვიდი დღე, შვიდი ფაქტი და ერთი მთავარი სათქმელი: სკრინინგისთვის დაავადების  სიმპტომებს არ უნდა დაელოდო. მამოგრაფიის ჩატარებას, დაახლოებით, 30 წუთი სჭირდება, ეს თქვენი დღის მხოლოდ 2%-ია, თუმცა ჯანმრთელობისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს,“ - ნათქვამია ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

მათი განმარტებით, თუ  ქალს დამატებით კვლევაზე დაიბარებენ, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე საგანგაშოა. ზოგჯერ საჭიროა უფრო მკაფიო სურათის მიღება ან დამატებითი შეფასება. ეს შეიძლება პირველი მამოგრაფიის დროსაც

მოხდეს, როდესაც რადიოლოგს წინა გამოსახულებები შესადარებლად არ აქვს.

„თუ ხართ 40-დან 70 წლის ჩათვლით, ძუძუს კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოა და გეგმურად ორ წელიწადში ერთხელ ტარდება,“ - აცხადებს ცენტრი. კვლევებზე ჩასაწერად მოქმედებს სატელეფონო ნომერი: (032) 2 20 35 35.