20 და 21 ოქტომბერს, ბოტანიკურ ბაღში,  საქართველოში თერაპიული მებაღეობის (Therapeutic Horticulture) განვითარებისა და დანერგვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება.


ღონისძიების ფარგლებში, 20–21 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი უმასპინძლებს ორდღიან სამუშაო შეხვედრას (ვორქშოპს), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისა და სომხეთის დარგის წამყვანი ექსპერტები.

შეხვედრას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, პროფილური სამინისტროების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დღის ცენტრების წარმომადგენლები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობენ.


ინიციატივის მთავარი მიზანია საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში თერაპიული მებაღეობის პროგრამის დანერგვა, რომელიც ბუნებასთან ურთიერთობისა და მებაღეობის აქტივობების საშუალებით ხელს შეუწყობს სპეციალური საჭიროებების მქონე პირების, განსაკუთრებით ბავშვების, რეაბილიტაციას, სოციალური უნარების განვითარებასა და საზოგადოებრივ ინტეგრაციას.


პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ინკლუზიური, ბუნებაზე დაფუძნებული თერაპიული პრაქტიკის განვითარებისა და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის მიმართულებით.