ინდოეთის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელმა ორგანომ ქვეყანაში შეფუთული სასმელი და მინერალური წყლის მწარმოებლების კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა.


შესაბამისი უწყება ყველა შტატს ავალებს, გააძლიერონ რეგულარული ინსპექტირება და წყლის ნიმუშების შემოწმება რისკების გათვალისწინებით განახორციელონ.


გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ინდოეთის ჩამოსხმული წყლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბრენდის, Bisleri-ს პროდუქციის ერთ-ერთ ნიმუშში ჯანმრთელობისთვის სახიფათო ქიმიური ნივთიერებები აღმოაჩინეს. ჯანდაცვის ორგანიზაციების შეფასებით, ასეთ ნივთიერებებს შესაძლოა კიბოს განვითარების რისკთან ჰქონდეს კავშირი.

Bisleri უარყოფს პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და აცხადებს, რომ საკუთარი ლაბორატორიული შემოწმებებით დარღვევები არ გამოვლენილა.

გაძლიერებული სახელმწიფო ზედამხედველობა შეეხება ინდოეთის ბაზარზე მოქმედ მსხვილ კომპანიებს: PepsiCo-ს, Tata Consumer-ს; Coca-Cola-ს, ასევე Reliance Consumer-ს, რომელიც მილიარდერ მუკეშ ამბანის ბიზნესჯგუფს ეკუთვნის.
ინდოეთის შეფუთული წყლის ბაზრის ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენს და სწრაფად იზრდება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში ონკანის წყლის დაბალი ხარისხია.


ინდოეთის სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების ორგანოს (FSSAI) წერილის თანახმად, უნდა ჩატარდეს შეფუთული სასმელი და მინერალური წყლის რეგულარული ინსპექტირება, წყლის ნიმუშების აღება და შემოწმება რისკებზე დაფუძნებული მიდგომით უნდა განხორციელდეს, კომპანიების მხრიდან სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდება.


შემოწმებები შეეხება არა მხოლოდ მასობრივად გაყიდულ იაფ პროდუქტს - ბოთლის წყალს, არამედ ბუნებრივი მინერალური წყლის ძვირადღირებულ სეგმენტსაც, რომელიც ძირითადად შეძლებულ და ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ მომხმარებლებზეა გათვლილი.

FSSAI-მ საჯაროდ განაცხადა, რომ Bisleri-ს წინააღმდეგ სასამართლოში სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავს, რადგან, უწყების შეფასებით, კომპანიამ სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის მოთხოვნები დაარღვია.
ეს ნაბიჯი ინდოეთში საკვებისა და სასმელების მწარმოებელი მსხვილი კომპანიების მიმართ კონტროლის ზოგადი გამკაცრების ნაწილია.


ბოლო პერიოდში მარეგულირებელმა ორგანოებმა არაერთი რეიდი ჩაატარეს და კომპანიები პროდუქციის არასათანადო ეტიკეტირებისთვისაც დააჯარიმეს ან გააფრთხილეს. 

Reuters-ის ინფორმაცია