21 ოქტომბრიდან, ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
ქვეყანამ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს შორის.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის 6 თვის ასაკიდან, თუმცა, არსებობს ჯგუფები, რომელთათვისაც გრიპის მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია, ესენი არიან: 60 წლის და უფროსი ასაკის პირები, ორსულები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარები და თანამშრომლები.
ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში.

მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ პოლიკლინიკას, ან იმ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს. ვაქცინაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:https://ncdc.ge/...





