ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს ირკუტსკის ჭირის კვლევით ინსტიტუტში მომუშავე თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ. ორგანიზაციის განცხადებით, ამ ეტაპზე შემთხვევასთან დაკავშირებით სრული სურათი არ არსებობს და, შესაბამისად, რისკების სრულფასოვანი შეფასება ვერ ხერხდება.
მედიაში ინფორმაცია შემთხვევის შესახებ პირველად 2 ოქტომბერს გავრცელდა. ცნობების თანახმად, ირკუტსკის რეგიონში კვლევით ინსტიტუტში მომუშავე თანამშრომელი მძიმე პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მოგვიანებით გარდაიცვალა. თავდაპირველად გავრცელდა ვარაუდი, რომ სიკვდილის მიზეზი შესაძლოა ფილტვის ჭირი ყოფილიყო და ინფიცირება ლაბორატორიაში მომხდარ შემთხვევით ექსპოზიციას უკავშირდებოდა.
თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ ჭირის შემთხვევის არსებობა უარყო.
როგორც Reuters-ი წერს, რუსეთის მხარემ ჯანმოს განუცხადა, რომ ირკუტსკის ოლქში ბოლო პერიოდში ჭირის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ასევე, დაახლოებით 200 ადამიანი, რომლებიც გარდაცვლილთან კონტაქტში იმყოფებოდნენ, კარანტინში მოათავსეს.
თუმცა მიღებული ინფორმაცია ჯანმოსთვის საკმარისი აღმოჩნდა. ორგანიზაციამ რუსეთისგან მოითხოვა დეტალური მონაცემები გარდაცვლილი თანამშრომლისა და მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანების ლაბორატორიული კვლევების შესახებ. ასევე დაინტერესდა, რამ განაპირობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კონკრეტული ღონისძიებების ამოქმედება და როგორია კონტაქტში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ჯანმომ ასევე მოითხოვა განმარტება კიდევ ერთი თანამშრომლის შესახებ, რომელსაც, გავრცელებული ცნობების თანახმად, გაურკვეველი მიზეზით პნევმონია განუვითარდა.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარია ვან კერკჰოვეს ინფორმაციით, ჯანმოს სურს იცოდეს, როგორ ჩატარდა გარდაცვლილი თანამშრომლისა და სხვა პირების ბიოლოგიური მასალის ანალიზი, რა მასალებთან მუშაობდა გარდაცვლილი, უსაფრთხოების რა ზომები მოქმედებდა ლაბორატორიაში და იყო თუ არა იგი ვაქცინირებული.
ჯანმო რუსეთის მხარეს ტექნიკური დახმარების გაწევასაც სთავაზობს, მათ შორის ჭირის, ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის საკითხებში.
ჭირი, განსაკუთრებით მისი ფილტვისმიერი ფორმა, სერიოზული ინფექციური დაავადებაა. თუმცა ჯანმოს განცხადებით, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად დამატებითი ლაბორატორიული და ეპიდემიოლოგიური ინფორმაციაა საჭირო.
ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, 2019-2025 წლებში ათმა ქვეყანამ ჯანმოს ჭირის თითქმის 4 000 შემთხვევის შესახებ აცნობა, რომელთაგან 423 სიკვდილით დასრულდა.




