„დიარჯის“ ფასები ორ წელზე მეტია არ გადახედილა და კლინიკები ელოდებიან, რომ ზოგიერთ კოდზე ტარიფები გაიზრდება.
ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომელზეც მომხსენებელი იყო ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე.
„დიარჯის ფასები ორ წელზე მეტია არ გადახედილა და კლინიკები ელოდებიან, რომ ბევრი ახალი მეთოდთან, მკურნალობასთან, ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად საჭიროა, რომ დიარჯის ზოგიერთ კოდზე იყოს მატება და მათი შეფასება გადაიხედოს. ამისთვის გვჭირდება დამატებითი თანხები,“ - აღნიშნა ლომინაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით გამოყოფილი მილიარდ ნახევარი ლარის გათვალისწინებით, ჯანდაცვაზე ქვეყანა მშპ-ს 1,86 პროცენტს ხარჯავს, რაც საკმარისი არაა.
„ჩვენს ჯანდაცვის სისტემას მეტი ეკადრება, მეტი სჭირდება. საუკეთესო ვარიანტი წარმატებული ქვეყნებისთვის არის 4%-მდე, მაგრამ როგორმე უნდა შევძლოთ და უნდა ავცდეთ 2%-ს,“ - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
მისივე თქმით, ინფლაციის გათვალსწინებით, საჭიროა არსებული 2 ათასი ლარიდან 3 ათას ლარამდე გაიზარდოს დეკრეტული ანაზღაურება, რაც თვეში 500 ლარი გამოდის. მისი განცხადებით, ეს იქნება სტიმული დედებისთვის და დემოგრაფიული პოლიტიკისთვის, რომელიც ქვეყანაში აქტიურად ხორციელდება.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის წევრების შეკითხვებზე პასუხისას აღნიშნა, რომ სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებზე სამინისტრო იმსჯელებს და საკუთარ პოზიციას პროექტის განხილვის შემდეგ ეტაპზე წარადგენს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.





