საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც აივ ინფექციის პრევენციისთვის შექმნილ, ხანგრძლივი მოქმედების ინექციურ მედიკამენტს- ლენაკაპავირს დანერგავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
„2026 წლის 29-30 სექტემბერს, უზბეკეთში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ორგანიზებით გაიმართა რეგიონული სამუშაო შეხვედრა აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გაძლიერების საკითხებზე.
შეხვედრაში მონაწილეობდა თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი აკაკი აბუთიძე, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს გამოცდილება და მიღწევები გაუზიარა აივ ინფექციის პრევენციისა და მკურნალობის მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხანგრძლივი მოქმედების ინექციური მედიკამენტის - ლენაკაპავირის დანერგვას აივ ინფექციის პრევენციისთვის. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ ინოვაციურ მიდგომას დანერგავს.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს აივ/შიდსის სამსახური რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა - თანამედროვე პრევენციული მიდგომების დანერგვის, ინოვაციების ათვისებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით,“ - ნათქვამია ცენტრს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული მედიკამენტი მოქმედებს ვირუსის სტრუქტურაზე, რომელიც მის გამრავლებაში მონაწილეობს. პრეპარატი ორგანიზმში დიდხანს რჩება, ამიტომ მისი შეყვანა შეიძლება ბევრად უფრო იშვიათად, ვიდრე ყოველდღიური აბების შემთხვევაში. ის ასევე გახდა მნიშვნელოვანი პრეპარატი აივ-ის პრევენციის მიმართულებით — ინექციური ფორმა განკუთვნილია აივ-უარყოფით ადამიანებში ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
როდის დაიწყება მისი გამოყენება საქართველოში, კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.





