სიმსუქნის სამკურნალო წამლების ბაზარი სწრაფად იზრდება და ფარმაცევტული კომპანიები ახალი თაობის პრეპარატების შექმნაში ერთმანეთს აქტიურად ეჯიბრებიან.  მსოფლიო მედიაც ამ თემაზე სულ უფრო ხშირად წერს. 
Reuters-ის ცნობით, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წონის დასაკლები მედიკამენტების ბაზარმა მომდევნო ათწლეულში დაახლოებით $100 მილიარდის წლიურ გაყიდვებს შეიძლება მიაღწიოს.
 დღეს ბაზრის ძირითად ნაწილს Novo Nordisk-ი და Eli Lilly იკავებენ, თუმცა კონკურენტების რაოდენობა სწრაფად იზრდება.

Novo Nordisk-ის ახალი პრეპარატები

Amycretin — ესაა ახალი თაობის პრეპარატი, რომელმაც შუალედურ კვლევაში ტიპი 2-ის დიაბეტის მქონე პაციენტებში 36 კვირაში წონის მაქსიმუმ 14.5%-ით კლება აჩვენა.

CagriSema — Wegovy-ს შესაძლო მემკვიდრე. ერთ-ერთ გვიანი ეტაპის კვლევაში წონის კლება 22.7% იყო, რაც Novo-ს 25%-იან მოლოდინზე ნაკლები აღმოჩნდა.

Novo ასევე ავითარებს აბების ფორმებს და ჩინურ United Laboratories-თან აქვს გარიგება ე.წ. „triple-G“ პრეპარატზე, რომელიც სამ ჰორმონზე მოქმედებს და გარიგების პოტენციური ღირებულება $2 მილიარდამდეა.

Pfizer

Pfizer-მა გასულ წელს Metsera-ს შეძენით წონის დასაკლები წამლების პორტფელი მიიღო.

მისი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია პრეპარატი PF-3944 — GLP-1, რომელიც თვეში ერთხელ ინექციის სახით კე%თდება, მაშინ როცა Novo-სა და Lilly-ს ძირითადი პრეპარატები კვირაში ერთხელ გამოიყენება.


კვლევაში დიაბეტის არმქონე პაციენტებში მაქსიმუმ 12.3%-იანი წონის კლება აჩვენეს 28 კვირის თავზე. Pfizer-ი ამ პრეპარატზე პირველი დამტკიცების მიღებას 2028 წელს ელოდება.

Eli Lilly

Lilly-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა უკვე არის ორალური პრეპარატი orforglipron, რომლის სავაჭრო სახელია Foundayo.

Reuters-ის თანახმად, Foundayo აშშ-ში წონის დასაკლებად დამტკიცებული მეორე ორალური აბი გახდა. ბრიტანეთმა ის 2026 წლის აგვისტოში დაამტკიცა.

Lilly აცხადებს, რომ აშშ-ის სიმსუქნის ორალური პრეპარატების ბაზარზე ახალი პაციენტების 30%-ზე მეტი უკვე მასზე მოდის.


შემდეგი მნიშვნელოვანი კანდიდატია retatrutide, რომელმაც გვიან ეტაპის კვლევაში 18 თვის განმავლობაში წონის 28%-ზე მეტი კლება აჩვენა.

Lilly ასევე ავითარებს eloralintide-ს, რომელიც ამილინზეა დაფუძნებული.

Roche

Roche ავითარებს enicepatide-ს, რომელიც GLP-1-ის მსგავს მექანიზმს სხვა მოქმედებასთან აერთიანებს.

ტიპი 2-ის დიაბეტის მქონე ჭარბწონიან ან სიმსუქნის მქონე პაციენტებში შუალედურ კვლევაში მან საშუალოდ წონის 15.5%-იანი კლება აჩვენა.

Roche-მა ეს პრეპარატი Carmot Therapeutics-ის $2.7 მილიარდად შეძენის შედეგად მიიღო. კომპანია Zealand Pharma-სთან ერთად სხვა კანდიდატზეც მუშაობს.

Amgen

Amgen-ის მთავარი კანდიდატია MariTide.

კომპანია მასზე ერთდროულად გვიანი ეტაპის ექვს კვლევას ატარებს, მათ შორის სიმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ძილის აპნოეს მიმართულებით.

წინა კვლევაში MariTide-მ ერთ წელიწადში პაციენტების წონა მაქსიმუმ დაახლოებით 20%-ით შეამცირა.

Merck

Merck-მა ჩინურ Hansoh Pharma-სთან 2024 წელს $2 მილიარდამდე ღირებულების ლიცენზირების გარიგება გააფორმა.

სამიზნე პრეპარატია HS-10535, ორალური GLP-1 აგონისტი, რომელიც Wegovy-სა და Zepbound-ის მსგავსად მოქმედებს.

სხვა კონკურენტები

Reuters ასევე გამოყოფს რამდენიმე კომპანიას, მათ შორისაა AstraZeneca, რომელიც ჩინურ CSPC Pharmaceutical-თან გარიგებაში $1.2 მილიარდს წინასწარ გადაიხდის და შესაძლოა, კიდევ $17.3 მილიარდამდე გადაიხადოს შედეგების მიხედვით.

Structure Therapeutics — ავითარებს ყოველდღიურ ორალურ პრეპარატ aleniglipron-ს; შუალედურ კვლევაში 44 კვირაზე წონის მაქსიმალური კლება დაახლოებით 16.3% იყო.

ფაქტია, რომ ფარმაცევტული კომპანიები უზარმაზარ კაპიტალს დებენ ახალი თაობის GLP-1 და მათთან დაკავშირებულ პრეპარატებში, რათა არ ჩამორჩნენ Novo Nordisk-სა და Eli Lilly-ს.

კონკურენცია ახლა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: წონის უფრო მასშტაბური კლება, აბი ინექციის ნაცვლად, პრეპარატის მიღება არა კვირაში ერთხელ, არამედ თვეში ერთხელ, ნაკლები გვერდითი ეფექტი, კუნთოვანი მასის უკეთ შენარჩუნება, დიაბეტის, გულის დაავადებებისა და სხვა თანმხლები მდგომარეობების ერთდროული მკურნალობა.