თბილისში სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია „ECCES 2026“ გაიხსნა. ღონისძიების გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას სამედიცინო განათლების განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლება, თანამედროვე ცოდნისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა აუცილებელია სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მომზადებისთვის, რაც, თავის მხრივ, ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ემორის უნივერსიტეტის მედიცინისა და ნევროლოგიის პროფესორის, დოქტორ კენ ვოლკერის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ სამედიცინო განათლების ხარისხის განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებასა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებასა და სტუდენტთა აკადემიური განვითარების ხელშეწყობას.
კონფერენციის მიზანია, შექმნას პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ახალი აკადემიური პარტნიორობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო კავშირების გაღრმავებასა და სამედიცინო განათლებაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის პროფესორები, სამედიცინო განათლების ქართველი და უცხოელი ექსპერტები, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, აკადემიური პერსონალი, მკვლევრები, სტუდენტები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.




