ნივთიერებებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე პირებს ნოემბერში შესაძლებლობა ექნებათ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში უფასო პირველადი კონსულტაცია მიიღონ.
კონსულტაციის ფარგლებში სპეციალისტები შეაფასებენ პაციენტის მდგომარეობას, განსაზღვრავენ მკურნალობის ინდივიდუალურ საჭიროებებს და მიაწვდიან ინფორმაციას მკურნალობის შესაძლებლობებისა და სტაციონარული მკურნალობის დაგეგმვის შესახებ.
ინიციატივა კლინიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების – ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. უფასო პირველადი კონსულტაცია პაციენტებსა და მათ ახლობლებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიონალებისგან მიიღონ საჭირო ინფორმაცია და დაგეგმონ მკურნალობის შემდგომი ეტაპები.
კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 09:00-დან 18:00 საათამდე.
მისამართი: თბილისი, ვაშლიჯვარი, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩა N17
ტელეფონი: 032 250 02 32
თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობა ცალკე, სპეციალიზებული მიმართულებაა. კლინიკის ინფრასტრუქტურა ამ მიმართულებით რამდენიმე ტიპის მომსახურებას აერთიანებს, მათ შორის ნარკოლოგიურ დეტოქსიკაციას, დუალურ ნოზოლოგიას და რეაბილიტაციას.
კლინიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მკურნალობის პერსონალიზებული, მულტიდისციპლინური მოდელია. თითოეული პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ მკურნალობის, რეაბილიტაციისა და შემდგომი მეთვალყურეობის პროცესში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურების კომპლექსურობას, არამედ მკურნალობის პროცესის თანმიმდევრულობასა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას.
ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობის მიმართულების პარალელურად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მართვისა და მკურნალობის მრავალპროფილურ მომსახურებასაც სთავაზობს.
კლინიკაში ხელმისაწვდომია:
ამბულატორიული მომსახურება;
გახანგრძლივებული ამბულატორიული მომსახურება - დღის ცენტრი;
სარეაბილიტაციო მომსახურება;
ხანმოკლე დაყოვნების სტაციონარული მომსახურება.
მკურნალობის პროცესში ჩართულია მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე 100-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი, რომლებიც პაციენტის საჭიროებების შესაბამისად ერთობლივად მუშაობენ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლადგახსნილი მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის საქმიანობა მიზნად ისახავს ქვეყანაში მენტალური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებას, მათი ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ამ სფეროში თანამედროვე სამედიცინო და სარეაბილიტაციო მიდგომების დანერგვას.





