მსოფლიოში იზრდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არა მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად, არამედ ემოციური მხარდაჭერისთვისაც. რა პრობლემებს უკავშირდება ეს ტენდენცია? ამ საკითხზე ფსიქოთერაპევტი, ასოცირებული პროფესორი მაგდა კოტრიკაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით სარისკოა ის შემთხვევები, როდესაც ადამიანი პროფესიონალურ დახმარებას ტექნოლოგიით ანაცვლებს.
„ფსიქოლოგები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ახალ ფენომენზე: ადამიანს შეიძლება ასობით კონტაქტი ჰყავდეს სოციალურ ქსელში, მუდმივად იყოს ონლაინ და მაინც განიცდიდეს ღრმა მარტოობას. ხელოვნური ინტელექტი ამ სიცარიელის შევსებას ცდილობს. AI-კომპანიონებთან ურთიერთობა მართლაც ამცირებს მარტოობის განცდას, თუმცა ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ეფექტი შესაძლოა დროებითი იყოს. თუ ადამიანი რეალური ადამიანების ნაცვლად ემოციურ კავშირს ალგორითმთან ამყარებს, არსებობს სოციალური იზოლაციის, დამოკიდებულებისა და ურთიერთობის უნარების შესუსტების რისკი.
გენერაციული AI ადამიანებთან ხშირად სწორედ იმ მომენტებში ურთიერთობს, როდესაც ისინი ემოციურად ყველაზე მოწყვლადები არიან. ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოების წესები, რეგულაციები და მუდმივი კვლევა, რადგან ტექნოლოგიის გავრცელების სისწრაფე ბევრად უსწრებს მისი გავლენის შესწავლის ტემპს.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ბავშვები და მოზარდები. მათთვის რეალური და ციფრული სამყაროს საზღვრები ხშირად გაცილებით ბუნდოვანია. ამიტომ ფსიქოლოგები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ იმის ცოდნა, როგორ გამოვიყენოთ AI, არამედ იმის გააზრებაც, სად გადის ზღვარი სასარგებლო დახმარებასა და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას შორის.
შესაძლოა, უახლოეს წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა აღარ იყოს, რამდენად ინტელექტუალური გახდება ხელოვნური ინტელექტი. მთავარი კითხვა იქნება, რამდენად შევძლებთ ადამიანური ფსიქიკის დაცვას. კოვიდმა დაგვანახა დაუცველი ჯანმრთელობა. AI გვიჩვენებს დაუცველ საინფორმაციო და ემოციურ სივრცეს. ხოლო მესამე დიდი გამოწვევა, რომელიც უკვე იკვეთება ჰორიზონტზე, შესაძლოა სწორედ ფსიქიკური უსაფრთხოება იყოს. რადგან ტექნოლოგიების ეპოქაში ყველაზე ფასეული რესურსი მონაცემები კი არა, ადამიანის გონება და ემოციური კეთილდღეობაა,“ - ამბობს მაგდა კოტრკაძე.





