გერმანულმა ფარმაცევტულმა და აგროქიმიურმა კომპანია Bayer-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლო პროცესი მოიგო. დავა ეხებოდა სამი ქალის ბრალდებას, რომელთა თაბახმად, კომპანიის კუთვნილმა ჰერბიციდმა Roundup-მა მათში კიბო გამოიწვია.


სენტ-ლუისის სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ Bayer-ის სასარგებლო გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. ეს იყო პირველი სასამართლო პროცესი Roundup-თან დაკავშირებულ საქმეზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ივნისში Bayer-ის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და შეზღუდა იმ სამართლებრივი მოთხოვნების წარდგენა, რომლებიც პრეპარატის ეტიკეტზე კიბოს განვითარების რისკის შესახებ გაფრთხილების არარსებობას ეხებოდა.


ამასთან, Bayer-ი სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც კომპანიის მიერ შეთავაზებულ 7.25 მილიარდი დოლარის ოდენობის შეთანხმებას ეხება. შეთანხმების მიზანია Roundup-თან დაკავშირებული ათიათასობით სხვა სარჩელის მოგვარება.

ეს სამართლებრივი დავები კომპანიას განსაკუთრებით ძვირი დაუჯდა 2018 წელს Monsanto-ს შეძენის შემდეგ. მას შემდეგ Bayer-ს მილიარდობით დოლარის იურიდიული ხარჯების გაწევა მოუწია, ხოლო კომპანიის აქციების ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა.

Bayer-ის აშშ-ის იურიდიულმა დირექტორმა და გლობალური სასამართლო დავების ხელმძღვანელმა ბილ დოდერომ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს, რამდენად რთული იქნება სხვა მოსარჩელეებისთვის მსგავსი საქმეების მოგება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.
მისი თქმით, ეს განაჩენი მნიშვნელოვანი სიგნალია იმ მოსარჩელეებისთვის, რომლებიც სასამართლო დავების გაგრძელებას აპირებენ: მათ მოუწევთ სამართლებრივი მოთხოვნების საფუძვლიანობისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა.


სამმა ქალმა 2020 წელს სენტ-ლუისში Bayer-ის შვილობილ კომპანია Monsanto-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ქალების განცხადებით, ისინი რეგულარულად იყენებდნენ Roundup-ს, რის შემდეგაც განუვითარდათ არაჰოჯკინის ლიმფომა. მათი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ Roundup-ის ფორმულა არასათანადოდ იყო შემუშავებული, პროდუქტი ჯანმრთელობისთვის გაუმართლებელ საფრთხეს წარმოადგენდა და რომ Bayer-მა პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას დაუდევრად იმოქმედა.

სამივე ქალი კომპანიის მიერ შეთავაზებულ ფართომასშტაბიან შეთანხმებაში მონაწილეობას არ იღებდა. ერთ-ერთი მათგანი სასამართლო პროცესის დაწყებამდე გარდაიცვალა.
Bayer უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს გლიფოსატის უსაფრთხოებას და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის კიბოს იწვევს.

ამჟამად Bayer-ს აშშ-ის შტატებისა და ფედერალურ სასამართლოებში დაახლოებით 65 000 სარჩელი აქვს წარდგენილი. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ სახლში ან სამუშაო გარემოშიRoundup-ის გამოყენების შედეგად, კიბო განუვითარდათ.


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სარჩელების უმრავლესობა ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ Roundup-ის ეტიკეტზე მომხმარებლები სათანადოდ არ იყვნენ გაფრთხილებული კიბოს განვითარების რისკის შესახებ.
თუმცა ივნისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ეს სამართლებრივი არგუმენტი შეზღუდა. სასამართლოს განმარტებით, ფედერალური კანონმდებლობა ჰერბიციდების მწარმოებლებს ავალდებულებს გამოიყენონ ზუსტად ის ეტიკეტი, რომელიც აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ არის დამტკიცებული.


EPA-ს დასკვნით, Roundup-ის ეტიკეტზე კიბოს განვითარების რისკის შესახებ დამატებითი გაფრთხილების განთავსება სავალდებულო არ არის.

Roundup-ის აქტიური ნივთიერებაა გლიფოსატი, რომლის შესაძლო კანცეროგენული მოქმედება წლების განმავლობაში სამეცნიერო და სამართლებრივი განხილვის საგანია.


აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს წარსულში გამოუთქვამს მოსაზრება, რომ გლიფოსატი, სავარაუდოდ, არ არის კანცეროგენული. ამჟამად სააგენტო მისი უსაფრთხოების ახალ შეფასებას ატარებს.

მეორე მხრივ, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC), რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურაში შედის, 2015 წელს გლიფოსატი ადამიანისთვის „სავარაუდოდ კანცეროგენულ“ ნივთიერებად შეაფასა.

Bayer ამ შეფასებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ის მეთოდოლოგიურ ხარვეზებს ეფუძნება და სხვა სამეცნიერო მტკიცებულებებს არ შეესაბამება.