ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფებმა რეკომენდაცია გაუწიეს ებოლას წინააღმდეგ შემუშავებული ორი ახალი ვაქცინის ჩართვას კონგოში მიმდინარე კლინიკურ კვლევებში.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სპეციალურად ბუნდიბუგიოს ვირუსისგან დასაცავად შექმნილი ვაქცინები უშუალოდ საველე პირობებში გამოიცდება. ამის შესახებ 1news.az გაეროს საინფორმაციო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
საუბარია ChAdOx1-ის ვაქცინაზე, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა ინდოეთის შრატის ინსტიტუტთან თანამშრომლობით შეიმუშავა, და კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილ mRNA-1469-ზე.
ამ კვირაში ჯანმო-ს ვაქცინების კანდიდატების პრიორიტეტიზაციის დამოუკიდებელმა საკონსულტაციო ჯგუფმა ორივე პრეპარატის შემდგომი კლინიკური შეფასების რეკომენდაცია გასცა. გადაწყვეტილება არსებული პრეკლინიკური და ადრეული კლინიკური კვლევების შედეგებს დაეფუძნა.
„მადლობას ვუხდი მეცნიერებს, სამედიცინო პერსონალსა და პარტნიორებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მთელ მსოფლიოში, რომლებმაც ამ ეტაპის მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. განსაკუთრებული მადლობა კი კვლევის მონაწილეებს ეკუთვნით“,“ — განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
პარალელურად მიმდინარეობს დაავადების მკურნალობის პოტენციური მეთოდების გამოცდაც.
ჯანმოს მხარდაჭერით ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიზანია იმის დადგენა, რამდენად შეუძლია მონოკლონურ ანტისხეულ MBP134-ს, ანტივირუსულ პრეპარატ რემდესივირს ან მათ კომბინირებულ გამოყენებას ბუნდიბუგიოს ვირუსით გამოწვეული დაავადების მქონე პაციენტების გადარჩენის მაჩვენებლის გაზრდა.
გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში კვლევაში ჩაერთვება პრეპარატი მაფტივიმაბი.
მკურნალობის მეთოდების კვლევის პირველ შედეგებს უახლოეს თვეებში ელოდებიან, ხოლო ვაქცინების კლინიკური გამოცდის საბოლოო შედეგები 2027 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.
ებოლას ეპიდემია, რომელიც ბუნდიბუგიოს ვირუსითაა გამოწვეული, გავრცელებას განაგრძობს.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაავადების 10 532 და გარდაცვალების 5 126 შემთხვევაა დაფიქსირებული. 2026 წლის 4 ნოემბერს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონგოში ებოლას ვირუსით დაინფიცირდა ბრიტანეთის მოქალაქე, ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი. ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, მოსახლეობისთვის საფრთხე დაბალია. პაციენტის ტრანსპორტირება სპეციალური სამედიცინო პროტოკოლით ხორციელდება, რათა ვირუსის გავრცელება თავიდან აიცილონ.





