მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო შემოსავლების მოცულობა განსაზღვრულია 29 მილიარდ 875 მილიონი ლარის ოდენობით, რაც პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, გაზრდილია 355 მილიონი ლარით. ამასთან, მთელი რიგი მიმართულებით იზრდება ხარჯების მოცულობა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 10 907,4 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2026 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 238,8, ხოლო პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით - 427,6 მლნ ლარით. ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია:
მოსახლეობის სოციალური დაცვა - 7 693,9 მლნ ლარი, რაც 2026 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 762,5, ხოლო პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით - 163,0 მლნ ლარით. მათ შორის:
საპენსიო უზრუნველყოფა - 5 700,0 მლნ ლარი (2026 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 685,0, ხოლო პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით - 130,0 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია, როგორც საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით, ასევე ინდექსაციით გათვალისწინებულ მოცულობასთან შედარებით 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის დამატებით 25 ლარით ზრდით.
პროექტის პირველად ვარიანტში განსაზღვრული იყო პენსიის ზრდა 20 ლარით. ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვების და არსებული ფინანსური რესურსების გაანალიზების შემდგომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული კატეგორიის პენსიონერთა პენსიის ზრდა 45 ლარის ოდენობით (ნაცვლად 20 ლარისა) და 2027 წლის იანვრიდან განისაზღვრება 415 ლარით.
ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის და ბოლო 6 კვარტლის მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით.
აღნიშნული ფორმულით პენსიის ზრდა შეადგენს 55,9 ლარს. ხორციელდება აღნიშნული თანხის ამრგვალება და პენსიის ზრდა განსაზღვრულია 60 ლარით, რისი გათვალისწინებითაც მისი მოცულობა 2027 წლის იანვრიდან განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით.
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20 პროცენტიანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 498 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 665 ლარს აღემატება.
გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 60 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 45 ლარით (ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში გათვალისწინებულ იყო 20-ლარიანი მატება). ასევე, გათვალისწინებულია 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური 200 ლარიანი დახმარების დაფინანსება;





