რუსეთში ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალებამ, რაც, შესაძლოა, ლაბორატორიაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს, კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება ამ დაავადებისა და მისი გავრცელების გზების მიმართ. ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს „ევრონიუსი“ და რეგიონული მედიის მონაცემებზე დაყრდნობთ წერს, რომ  ლაბორატორიაში, სავარაუდოდ, სინჯარა გატყდა. მედია ინფორმაციას ავრცელებს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც რეგიონში ძალოვან სტრუქტურებთან არიან დაკავშირებული.


„ევრონიუსის“ ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვერ იპოვეს მტკიცებულება, რომ დაავადება რომელიმე იმ პათოგენით იყო გამოწვეული, რომლებთანაც გარდაცვლილი მუშაობდა.

თუმცა, ამ შემთხვევამ რუსეთში შეშფოთება გამოიწვია მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ქალი შესაძლოა ფილტვის ჭირით გარდაიცვალა — ესაა დაავადების უფრო იშვიათი, თუმცა მძიმე ფორმა, რომელიც შეიძლება, ადამიანიდან ადამიანს გადაეცეს.

რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო რეგიონში რამდენიმე საავადმყოფო დაიხურა და კარანტინში გადაიყვანეს.

„ვინაიდან ინფიცირება ლაბორატორიაში მოხდა (რომელიც, როგორც ჩანს, საფუძვლიანად იქნა დეზინფიცირებული), ხოლო ადამიანებს სწრაფად გაუკეთდათ იზოლირება და კარანტინში გადაიყვანეს, შემდგომი გავრცელება უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ დაავადება გადამდებია, მას, დიდი ალბათობით, გავრცელების შესაძლებლობა არ ექნება“, — განაცხადა მელბურნის უნივერსიტეტის ბუნების დაცვის მეცნიერების პროფესორმა ელის ჰიუზმა Science Media Centre-თან კომენტარში.
მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის ორგანოები სიტუაციის განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა (ECDC) Euronews-ს განუცხადა, რომ „სიტუაციას ყურადღებით აკვირდება“ და კონტაქტზე იმყოფება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.


„ჩვენთვის ცნობილია რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში უცნობი წარმოშობის პნევმონიის შემთხვევის შესახებ, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ჭირი იყოს. ეს ეჭვი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის“, — ნათქვამია ორგანიზაციის წარმომადგენლის წერილობით განცხადებაში.

წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არსებული შეზღუდული მონაცემების მიხედვით, მეორეული შემთხვევების ან ადამიანიდან ადამიანზე ინფექციის მდგრადი გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მან ასევე აღნიშნა, რომ ირკუტსკსა და ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებს შორის „ძალიან შეზღუდული მიმოსვლა არსებობს, განსაკუთრებით ახლა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირობებში“.

ევროპაში ჭირის შემთხვევები 50 წელზე მეტია არ დაფიქსირებულა, თუმცა ადამიანებში დაავადების შემთხვევები კვლავ აღირიცხება აფრიკაში, უპირველესად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მადაგასკარზე.