დანიურმა ფარმაცევტულმა კომპანია Novo Nordisk-მა ჩინურ Hengrui-სთან წონის დასაკლები პრეპარატის შესახებ $2.6 მლრდ-იანი გარიგება დადო.

Novo Nordisk ჩინურ Jiangsu Hengrui Pharmaceuticals-ს აღნიშნულ თანხას  წონის დასაკლები ექსპერიმენტულ აბზე, HRS-1596-ზე, უფლებების სანაცვლოდ გადაუხდის.


გარიგება ითვალისწინებს 300 მილიონი დოლარის წინასწარ გადახდას, დარჩენილი $2.3 მილიარდის გადახდა კი დამოკიდებული იქნება პრეპარატის განვითარებაზე, მარეგულირებლის დამტკიცებასა და კომერციული წარმატების ეტაპების მიღწევაზე.

Novo Nordisk მიიღებს პრეპარატის განვითარების, წარმოებისა და კომერციალიზაციის უფლებებს კონტინენტური ჩინეთის, ჰონგ-კონგის, მაკაოსა და ტაივანის გარდა.


HRS-1596 ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. ჩინეთში მას უკვე მიეცა პირველი ფაზის კლინიკური კვლევების დაწყების ნებართვა როგორც წონის მართვის, ისე ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობის მიმართულებით.
Reuters-ის მიხედვით, Novo Nordisk ცდილობს გააძლიეროს თავისი პოზიცია სწრაფად მზარდ, მაგრამ ძალიან კონკურენტულ, სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატების ბაზარზე, განსაკუთრებით Eli Lilly-სთან კონკურენციის პირობებში.

HRS-1596-ის ერთ-ერთი პოტენციურად მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ პრეპარატი შეიძლება მომავალში განვითარდეს კვირაში ერთხელ მისაღები პერორალური აბის სახით. ეს პაციენტებისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, ვიდრე ყოველდღიური მიღება ან ინექციები.


გარიგება ასევე აჩვენებს, რომ ჩინეთი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება GLP-1 კლასის პრეპარატების განვითარების სფეროში. Reuters-ის მიერ მოყვანილი Pharmcube-ის მონაცემებით, ჩინეთში GLP-1 კანდიდატი 250-მდე პრეპარატია განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

მსხვილმა საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანიებმა, მათ შორის AstraZeneca-მ, Merck-მა და Pfizer-მა, უკვე დადეს მსგავსი შეთანხმებები ჩინურ კომპანიებთან.


Novo Nordisk-ს ჩინურ კომპანიებთან სხვა თანამშრომლობაც აქვს. მაგალითად, United Laboratories International-თან ერთად განვითარებულმა UBT251-ის კვლევითმა პრეპარატმა 24 კვირის შემდეგ საშუალოდ წონის 19.7%-მდე კლება აჩვენა კვლევის მონაწილეებში.

Novo Nordisk-ის აღმასრულებელი დირექტორის, Mike Doustdar-ის თქმით, კომპანია ემზადება ბაზრისთვის, სადაც პერორალურ პრეპარატებს უფრო დიდი როლი ექნებათ.


Novo Nordisk-ს უკვე აქვს GLP-1 კლასის პერორალური პრეპარატი Wegovy, ხოლო Eli Lilly-ს — Foundayo.