თურქეთში თამბაქოს კონტროლის სფეროში ახალი რეგულაციების შემოღება იგეგმება.

თურქული მედიის ცნობით, ახალი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა  ოქტომბერში იგეგმება.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულაციაა ის, რომ, მისი დამტკიცების შემთხვევაში, 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში აეკრძალებათ თამბაქოს ნაწარმის შეძენა, გაყიდვა და მოხმარება.

პროექტის მიხედვით, 2040 წლის შემდეგ თურქეთში თამბაქოს ნაწარმის წარმოებისა და გაყიდვის სრულად აკრძალვაც განიხილება.

რესტორნებში მოწევა, სავარაუდოდ, აიკრძალება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში.

იგეგმება სიგარეტის სტანდარტიზებული შეფუთვისა და ფორმატის შემოღებაც. ამის შედეგად „slim“/თხელი სიგარეტები ბაზრიდან უნდა გაქრეს.


არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს ნაწარმის შეძენის თავიდან ასაცილებლად იგეგმება ასაკის დადასტურების სისტემის გაძლიერება, მათ შორის ბარათით გადახდისას.

კიდევ ერთი წინადადებაა სიგარეტის კოლოფებზე სპეციალური „ჯანმრთელობის გადასახადის“ დაწესება, რომლის შემოსავლების პროფილაქტიკურ და ჯანმრთელობის ხელშემწყობ პროგრამებში მიმართვა იგეგმება.

არსებული სტატისტიკით, თურქეთში სიგარეტის გაყიდვები 2012 წლის დაახლოებით 4.5 მილიარდი კოლოფიდან 2025 წელს დაახლოებით 8 მილიარდ კოლოფამდე გაიზარდა.

რეგულაციების პროექტის ავტორების თქმით, მათი კვლევის თანახმად, ცვლილებებს საზოგადოებაში 90%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს, ხოლო მწეველთა შორის მხარდაჭერა დაახლოებით 60%-ს შეადგენს.