აშშ-ის ჯანმრთელობის მეცნიერებების სამედიცინო კვლევითი ცენტრის UTHealth Houston-ისა და იელის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელსაც ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება შეუძლია და რომლის დასკვნებიც ფსიქიატრთა ჯგუფების შეფასებებს უახლოვდება. კვლევა ჟურნალ npj Mental Health Research-ში გამოქვეყნდა.


კვლევის თანაავტორის, დოქტორ ჰამზა ჰამუდის, განცხადებით, სისტემას პაციენტის დიაგნოსტიკური შეფასების ჩატარება თითქმის ისეთივე სიზუსტით შეუძლია, როგორც ფსიქიატრთა ჯგუფს.


AI აანალიზებს პაციენტების ვიდეოჩანაწერებს და აფასებს: საუბარს, ხმის ტონს, ქცევას, გარეგნობას, ემოციურ მდგომარეობას, აღქმას, აზროვნების პროცესსა და სხვა ფსიქიატრიულ ნიშნებს.

ის სხვადასხვა ინტერვიუდან მიღებულ ინფორმაციას აერთიანებს და საბოლოოდ ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ წერილობით შეფასებასაც ქმნის.

კვლევის უფროსმა ავტორმა, დოქტორმა ცეზარ სოტულიომ, ხაზი გაუსვა, რომ სისტემის მიზანი ფსიქიატრების ჩანაცვლება კი არა, მათი მუშაობის მხარდაჭერაა.


მისი თქმით, მომავალში ტექნოლოგია შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს ახალგაზრდა კლინიცისტებისთვის, ასევე ექიმებისთვის, რომლებსაც ფსიქიატრიული სპეციალიზაცია არ აქვთ.

მაგალითად, სოფლის რეგიონებში დამოუკიდებლად მომუშავე პედიატრს სისტემა შეიძლება ისეთი ფსიქიატრიული ნიშნების შემჩნევაში დაეხმაროს, რომლებიც სხვაგვარად შესაძლოა გამორჩეს.

კვლევის ფარგლებშო. AI-სა და ფსიქიატრთა ჯგუფებს პაციენტების შეფასება 10 სხვადასხვა კრიტერიუმით დაევალათ. მათ შორის იყო განწყობა, გარეგნობა, ქცევა და თანამშრომლობა, აღქმა, მეტყველება, სუიციდური ტენდენციები, ბოდვითი იდეები, აკვიატებები და კომპულსიები, აზროვნების თანმიმდევრულობა, აზროვნების სიჩქარე.


შემდეგ AI-ის შედეგები ფსიქიატრების შეფასებებს შეადარეს.

მიუხედავად იმისა, რომ მოდელმა საერთო შეფასებებში თანმიმდევრული შედეგები აჩვენა, გარკვეულ კრიტერიუმებში შეცდომები დაუშვა — მაგალითად, პაციენტის გარეგნობისა და წვრილი მოტორული მოძრაობების შეფასებისას.

კვლევის მიხედვით, თავად ფსიქიატრთა ჯგუფებს შორის შეთანხმების დონე მაღალი იყო, ხოლო AI-სა და ექსპერტებს შორის — საშუალო. ასევე, რაც უფრო მძიმე იყო პაციენტის სიმპტომები, მით უფრო მცირდებოდა AI-ის შეფასებების შესაბამისობა სპეციალისტების შეფასებებთან.


მკვლევრები ახლა მოდელის ცალკეული შეფასების კრიტერიუმების სიზუსტის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
კვლევის თანაავტორის, ბენსონ მვანგი ირონგუს განცხადებით, AI განსაკუთრებით კარგად მუშაობდა დაკვირვებაზე დაფუძნებულ შეფასებებში, თუმცა ისეთ სფეროებში, სადაც საჭიროა ფსიქიატრის კლინიკური მსჯელობა, მისი შესაძლებლობები ჯერ კიდევ შეზღუდულია.