თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს შორის მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მორიგ განცხადებას ავრცელებს. 


სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა.  

დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

უწყების მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად,  შემოწმებულია თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში. მათგან, გუშინდელი მონაცმეებით, დასრულებული იყო 39 ნიმუშის კვლევა და არცერთ მათგანში დარღვევა არ დადასტურებულა. ამ ნიმუშებიდან რომელია აღებული ბაღებიდან, განცხადებაში არ კონკრეტდება.