ებოლას ვირუსი მსოფლიოს ჯანდაცვის სექტორისთვის მზარდ საფრთხედ რჩება. Reuters-ი წერს, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას მიმდინარე აფეთქება შვიდ პროვინციაში გავრცელდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 13 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული იყო 7 258 ინფიცირების შემთხვევა და 3 510 გარდაცვალება. შესაბამისად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 48%-ს შეადგენს.

ყველაზე რთულ მდგომარეობად კვლავ იტურის პროვინცია რჩება, თუმცა იქ ჯანმო ვირუსის გადაცემის შემცირების პირველ ნიშნებს ხედავს. ამავდროულად, ვითარება უარესდება ჩრდილოეთ კივუში — ერთი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 100-დან 200-ზე მეტამდე გაიზარდა. WHO აცხადებს, რომ ეპიდემიის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

მიმდინარე აფეთქებას იწვევს ბუნდიბუგიოს ტიპის ებოლას ვირუსი. ამ კონკრეტული ტიპის წინააღმდეგ დამტკიცებული სპეციფიკური ვაქცინა ან მკურნალობა ჯერ არ არსებობს. კონგოში რამდენიმე შესაძლო პრეპარატს ცდიან და ასევე იკვლევენ, შეუძლია თუ არა Ervebo-ს, რომელიც ებოლას სხვა ტიპის წინააღმდეგ გამოიყენება, გარკვეული დაცვის უზრუნველყოფა.

ებოლას შემთხვევები უკვე დაფიქსირდა უგანდაში, გერმანიასა და საფრანგეთში - თუმცა ამ უკანასკნელებში მხოლოდ ერთეული შემთხვევები გამოვლინდა და მომგვიანებით აღარ გავცელებულა. WHO-მ მაისში ეპიდემია საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად აღიარა. ორგანიზაცია ამასთან ხაზს უსვამს, რომ გარკვეული გაუმჯობესების ნიშნების მიუხედავად, აფეთქება კვლავ მასშტაბურია და გეოგრაფიულად ფართოვდება.