მთავრობა ხანგრძლივი ზრუნვის და სააღმზრდელო მომსახურებების სერტიფიცირებას გეგმავს. 


ამის შესახებ მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ გეგმაში საუბრობს, სადაც იმ კანონპროექტების ნუსხაა მოცემული, რომელთა მომზადებასაც აპირებს.

დოკუმენტში სახელწოდებით "საქართველოს პარლამენტის 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა" აღნიშნული კანონპტროექტის ინიცირების ზუსტი პერიოდი მითითებული არ არის. რეგულაციის შემოღების აუცილებლობა კი ასეა განმარტებული:

„დღეისათვის ქვეყანაში ფუნქციონირებს ხანდაზმულთა და შშმ პირთა 24-საათიანი ზრუნვის მომსახურებები, რომელთა საქმიანობაც არ არის რეგულირებული სამართლებრივი დოკუმენტით, შესაბამისად, არ არსებობს სრული ინფორმაცია ასეთი მომსახურების ხარისხის შესახებ. ახალი კანონი მოაწესრიგებს ისეთ საქმიანობას, რომელიც ეხება ხანგრძლივი ზრუნვის და სააღმზრდელო მომსახურებებს - ამ მომსახურების მიმწოდებელთა სერტიფიცირების გზით. ამავე კანონით მოწესრიგდება ხანგრძლივი ზრუნვის და სააღმზრდელო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, განისაზღვრება სერტიფიცირებაზე უფლებამოსილი ორგანო, სერტიფიკატის გაცემის წესი, საზედამხედველო ორგანოს ფუნქციები, სასერტიფიკატო პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ღონისძიებები და სხვა.“