პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შედეგად სამედიცინო დაწესებულებების შემოსავლები გაიზრდება და ექიმებს ექნებათ მეტი მოტივაცია, რაც შეიძლება მეტი პაციენტი ჩართონ პროფილაქტიკურ კვლევებში. ეს კი უფრო ჯანმრთელ მოსახლეობას ნიშნავს - ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯომარემ მაია მახარაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, რეფორმა ითვალისწინებს მეტ დაფინანსებას კარგი შედეგების მქონე დაწესელებულებებისთვის, ეს შედეგები კი მკაფიოდაა გაწერილი. მაია მახარაშვილის ინფორმაციით,  წარმატებით შესრულებულ სამუშაოზე კლინიკა დაგეგმილი ბიუჯეტის 10%-ს მიიღებს. 
გარდა ამისა, პროგრამაში ჩართვისთვის მან გარკვეული წინაპირობები უნდა დააკმაყოფილოს, რაც ასევე ხარისხიანი მომსახურების საფუძველია. მაგალითად, ესაა „აისო სერტიფიკატის“ მოთხოვნა, ასევე კლინიკაში დასაქმებული ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლება და სხვა.

ცნობისთვის: პირველადი ჯანდაცვის ობიექტები განახლებულ მოდელში 2027 წლის 1 მარტიდან ჩაერთვებიან. ამ ეტაპზე კი საპილოტე პროექტი მიმდინარეობს, რომელშიც 49 დაწესებულებაა ჩართული, რაც პოლიკლინკების 28%-ია.

რეფორმის ფარგლებში შეიცვალა საბაზისო პაკეტი, გაიზარდა მისი მოცულობაც და ღირებულებაც, რასაც სახელმწიფო ამ დაწესებულებებს უხდის.  რეფორმის მიზანია, ანაზღაურების ფიქსირებული, უნიფიცირებული მოდელი ჩანაცვლდეს ასაკ-სპეციფიკური ფიქსირებული ტარიფებით, ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად. შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება გულისხმობს განსაზღვრული ინდიკატორების შესრულების შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურების მექანიზმს.