თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციამ ბრწყინვალების ცენტრის სტატუსის სიმბოლო ოფიციალურად გადასცა.
2026 წლის 14 ოქტომბერს, იაპონიის ქალაქ კიოტოში, ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის (WAO) დირექტორთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, თსსუ-სთვის 2026 წლის 5 ივლისს მინიჭებული ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის ბრწყინვალების ცენტრის სტატუსის დამადასტურებელი სიმბოლო თსსუ-ის პროფესორ თინათინ ჩიქოვანს საზეიმოდ წარუდგინეს.
15-18 ოქტომბერს კიოტოში ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციისა (WAO) და იაპონიის ალერგოლოგთა ასოციაციის (JSA) ორგანიზებით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციასთან (APAPARI) თანამშრომლობით, ჩატარდა საერთაშორისო კონგრესი, რომელიც ალერგოლოგიის, კლინიკური იმუნოლოგიისა და ბავშვთა ალერგიულ-რესპირატორულ დაავადებებს მიეძღვნა. კონგრესში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა, ფაკულტეტის წევრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
14 ოქტომბერს გამართულ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ორგანიზაციის ახალი წევრები და გენერალური მდივანი აირჩიეს. ამასთანავე, დამტკიცდა მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაგეგმილი კონგრესების ჩატარების ადგილები.
15 ოქტომბერს, კონგრესის გახსნის ცერემონიამდე, გაიმართა ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის თასის მოსაპოვებელი კონკურსი, რომელშიც კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფი ექიმები, მათ შორის რეზიდენტები, მონაწილეობდნენ. კონკურსანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წინასწარი ონლაინშეხვედრების საფუძველზე შეირჩნენ. 16 მონაწილე გუნდს შორის იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდიც, რომლის შემადგენლობაში რეზიდენტები ნათია გვილავა და მარიამ შუბითიძე იყვნენ. თსსუ-ის გუნდმა კიოტოში ჩასვლა ვერ შეძლო, შესაბამისად, კონკურსის დასკვნით ეტაპში თსსუ-ის გუნდმა მონაწილეობა ვერ მიიღო.
16 ოქტომბერს პროფესორი თინათინ ჩიქოვანი ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის სიმპოზიუმის „პერსონალიზებული მედიცინა ალერგოლოგიაში - იმუნოლოგია, ბიოლოგიური პრეპარატები და ციფრული ჯანდაცვა“ მოდერატორი იყო.
17 ოქტომბერს კონგრესის მონაწილეებს ლექციით მიმართა მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში 2025 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა, პროფესორმა შიმონ საკაგუჩიმ. ლექციის დასრულების შემდეგ თინათინ ჩიქოვანი პროფესორ საკაგუჩის შეხვდა და მას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტი გააცნო. თსსუ-ის სტუდენტების პროექტი იმ სამეცნიერო აღმოჩენის სასცენო წარმოდგენაა, რომლისთვისაც შიმონ საკაგუჩის 2025 წელს ორ სხვა მეცნიერთან ერთად ნობელის პრემია მიენიჭა.
იმავე დღეს პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის სიმპოზიუმზე მოხსენება წარადგინა თემაზე: „სიმსივნის აბლაცია, როგორც კიბოს in situ ვაქცინაციის მეთოდი“.





