აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტებში (NIH) ქალთა ჯანმრთელობის ახალ განყოფილებას და თეთრ სახლში ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე სპეციალურ ჯგუფს ქმნის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ინიციატივის მიზანია ქალთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევების გაფართოება, დაავადებების უფრო სწრაფი დიაგნოსტიკა და მკურნალობის გაუმჯობესება. პროექტის წამოწყებაში მნიშვნელოვანი როლი პირველ ლედის, მელანია ტრამპს აქვს.
ახალი განყოფილება ქალთა ჯანმრთელობის მრავალ მიმართულებაზე იმუშავებს. მათ შორისაა: გულის დაავადებების უკეთ შესწავლა, ადრეული დიაგნოსტიკა და ქალებისთვის მკურნალობის შედეგების გაუმჯობესება; კიბო, მათ შორის ძუძუს კიბო და სხვა სიმსივნეები, რომელთა პრევენცია, დიაგნოსტიკა ან მკურნალობა ქალთა ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია; რეპროდუქციული ჯანმრთელობა -
ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, უნაყოფობა და დედათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები; ნევროლოგიური და აუტოიმუნური დაავადებები - ალცჰაიმერის დაავადება, აუტოიმუნური და ანთებითი მდგომარეობები, ქრონიკული ტკივილი და ოსტეოპოროზი; მენოპაუზა და ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები
ჰორმონული ცვლილებებისა და ქალთა ჯანმრთელობის შესწავლა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
ჯგუფის ამოცანა იქნება ქალთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფედერალური უწყებების საქმიანობის კოორდინაცია და კვლევიდან პრაქტიკულ სამედიცინო მომსახურებამდე გზის დაჩქარება.
მელანია ტრამპი ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. მისი თქმით, სამედიცინო მეცნიერებამ ქალებს უნდა მისცეს უკეთესი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, ხოლო ინოვაციები მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
მის მიერ ხაზგასმულ მიმართულებებს შორისაა ხელოვნური ინტელექტის, ბიოტექნოლოგიისა და ახალი თერაპიული მეთოდების გამოყენება ქალთა ჯანმრთელობის პრობლემების შესასწავლად.
ტრამპის ახალმა ბრძანებამ არაერთი კითხვა გააჩინა. საქმე ისაა, რომ მანამდე მან გააუქმა ჯო ბაიდენის 2024 წლის აღმასრულებელი ბრძანება ქალთა ჯანმრთელობის კვლევის ხელშეწყობის შესახებ და მასთან დაკავშირებული თეთრი სახლის ინიციატივა.
ამიტომ ახალი პროექტის რეალური შედეგების შეფასება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაწილდება დაფინანსება, რა კვლევები ჩატარდება და რამდენად აისახება ეს ყველაფერი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებაზე.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა მოცულობის დაფინანსება მოხმარდება ახალ განყოფილებას და რამდენად შეძლებს ის დასახული მიზნების შესრულებას არსებული საბიუჯეტო შეზღუდვების პირობებში.





