2025 წელს ქვეყნის მასშტაბით აივ ინფექციის 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მმართველობით ანგარიშგებაშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, გამოვლენილი შემთხვევებიდან 15-24 წლამდე ასაკის 71 შემთხვევა და 25 წელს ზევით - 491 შემთხვევა.
ამასთან, ანგარიშგებაში ნათქვამია, რომ ევროპაში აივ ინფექციის ყველაზე სწრაფად მზარდი ეპიდემიები აღინიშნება რუსეთსა და უკრაინაში.
„რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტმა აღმოსავლეთ ევროპაში გამოიწვია მოსახლეობის მნიშვნელოვანი გადაადგილება, რაც შესაძლოა აივ-ის რეგიონულ ეპიდემიოლოგიაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს. პოლონეთში დაფიქსირდა აივ-ით მცხოვრები პირების რაოდენობის 15%-იანი ზრდა, ასევე აივ-1-ის A6 ქვეტიპის შემოსვლა რეგიონში, სადაც მანამდე B ქვეტიპი დომინირებდა. თუმცა, მოსახლეობის გადაადგილების გავლენა აივ-ის ეპიდემიოლოგიაზე საქართველოში ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშგების თანახმად, ცენტრის ძალისხმევით ქვეყანაში შეიქმნა შიდსთან ბრძოლის თანამედროვე ტიპის სამსახური კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით და მძლავრი სამეცნიერო და პრაქტიკული პოტენციალით. ეს სამსახური საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიჩნეულია საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. საქართველოს მოწინავე ადგილი უჭირავს აივ ინფექცია/შიდსით პაციენტების გამოვლენის და მკურნალობის და მოვლის სერვისებში ჩართულობის თვალსაზრისით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. კერძოდ, ქვეყანაში მცხოვრები აივ ინფიცირებულთა 85% გამოვლენილია, მათი 84% იმყოფება ანტივირუსულ მკურნალობაზე და მკურნალობაზე მყოფთა 94%-ში მიღწეულია ვირუსული სუპრესია.
„ამ სამსახურის ძალისხმევით ქვეყანამ თავიდან აიცილა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და ეკონომიკური ზარალით. მკვეთრად გაიზარდა აივ/შიდსით ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებლები, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი, ხოლო დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის გადაცემის შემთხვევები პრაქტიკულად ნულამდე დავიდა, შიდსით ავადმყოფები სრულფასოვნად არიან ინტეგრირებული საზოგადოებაში, ქორწინდებიან და აჩენენ ჯანმრთელ შვილებს,“ - ვკითხულობთ დოკუმენტში.




