საქართველოში ბავშვების ორგანიზმში ტყვიის დონე მცირდება, თუმცა პროგრესის შესანარჩუნებლად მონიტორინგის გაგრძელება და მუდმივი ზედამხედველობაა საჭირო. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს. ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს ტყვიის ზემოქმედების ზედამხედველობის პროგრამას, რომელიც დღეს ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს.
პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად მოწმდება ბავშვების სისხლში ტყვიის დონე, რათა გამოვლინდეს ჯანმრთელობის შესაძლო რისკები, დადგინდეს ტყვიის ზემოქმედების წყაროები და ბავშვებს და ოჯახებს გაეწიოთ შესაბამისი დახმარება.
ბოლო კვლევები ბავშვების სისხლში ტყვიის დონის შემცირების ტენდენციაზე მიუთითებს. ამ პროგრესის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია რეგულარული ზედამხედველობა და პრევენციული ღონისძიებები, რათა კიდევ უფრო შემცირდეს ბავშვებზე ტყვიის მავნე ზემოქმედება.
შეგახსენებთ, რომ 18-24 ოქტომბერს ტყვიით მოწამვლის პრევენციის საერთაშორისო კვირეული აღინიშნება.
„ტყვიის მავნე ზემოქმედება ხშირად შეუმჩნეველია, თუმცა მას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას. ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან ტყვიის ზემოქმედების მიმართ, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი ნევროლოგიური დაზიანება, სწავლის სირთულეები და ქცევითი პრობლემები. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტყვიით მოწამვლის დროული გამოვლენა, არამედ მისი პრევენციაც,“ - აცხადებენ ფონდში.
ტყვია ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებაა. მისი ფართო მოხმარება, გარემოს მასობრივ დაბინძურებასთან ერთად, დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. იგი იწვევს ისეთი ფართო სპექტრის დარღვევებს, როგორებიცაა: ნევროლოგიური პრობლემები, ანემია, დაღლილობა და კუნთების სისუსტე, დამბლა, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება. ტყვია ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზეც როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ.
სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის კომპონენტი მოიცავს სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმისა და/ან პედიატრის რეფერალის საფუძველზე, 7 წლამდე ასაკის ბავშვების გამოკვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე და დამატებით დიაგნოსტიკას: ექიმი პედიატრის კონსულტაციას;
ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფასებას წინასწარ შედგენილი, სპეციალური კითხვარის მეშვეობით; ბავშვის კვებითი სტატუსის განსაზღვრას − კვების რაციონში ვიტამინების, კალციუმისა და რკინის შემცველობის შესახებ ინფორმაციის მიღებას; ბავშვის მშობლებისათვის (კანონიერი წარმომადგენლებისათვის) საერთაშორისო რეკომენდაციების გაცნობას, ტყვიით ექსპოზიციის შესაძლო წყაროების შესახებ;
პროგრამით ფინანსდება დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება (სისხლის საერთო ანალიზი, ფერიტინის განსაზღვრა სისხლში, C რეაქტიული ცილა, შარდში ჰემატინის განსაზღვრა, ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი, რკინის დონე სისხლში, მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია). ბავშვისთვის, რომლის სისხლში ტყვიის კონცენტრაცია შეადგენს ან მეტია 5 მკგ/დლ-ზე, სახელმწიფო აფინანსებს მედიკამენტებს - რკინის პრეპარატებს, კალციუმსა და მულტივიტამინებს.





