პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჯანდაცვის სექტორში დაბალია და მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების დაახლოებით 1-1.2%-ს შეადგენს. ამის შესახებ სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული, რომელიც 2025 წელს ასახავს.

დოკუმენტის თანახმად,  გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორია საქართველოს ჯანდაცვის სექტორში - 2016-2023 წლებში მასზე მოდიოდა სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალოდ 30%. 2024 წელს ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 13 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით მეტია.

ანგარიშგებაში ასევე ნათქვამია, რომ 2018–2024 წლებში ჯანდაცვის სექტორის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 9.4% შეადგინა. ამავე პერიოდში ჯანდაცვის სექტორის წილი ეკონომიკის მთლიანი გამოშვებაში შემცირდა - 2018 წლის 3.8%-დან 2024 წლის 3.2%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში ჯანდაცვის სექტორი უფრო დაბალი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე ეკონომიკის სხვა სექტორები.

მიმოხილვითი ნაწილის თანახმად, ჯანდაცვის სისტემაში დანახარჯების სტრუქტურა სამი ძირითადი წყაროსგან შედგება: მოსახლეობის ჯიბიდან გაღებული გადახდები (40%), სახელმწიფო დანახარჯები (50%) და კერძო დაზღვევის ხარჯები (9%), 2023 წლის მონაცემებით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაფართოებასთან ერთად, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილი თანდათან შემცირდა — 2018 წლის 53%-დან 2023 წელს 40%-მდე. იმავე პერიოდში კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის წილი მთლიან ჯანდაცვის დანახარჯებში გაიზარდა 6%-დან 9%-მდე, ხოლო სახელმწიფოს წილი 40%-დან 50%-მდე გაიზარდა, რაც სახელმწიფო დაფინანსების გაძლიერებულ როლზე მიუთითებს ჯანდაცვის სექტორში.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“  წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომელიც 2024 წლის 17 დეკემბერს დაარსდა  და სამედიცინო მომსახურებას უწევს პაციენტებს სტაციონარული და ამბულატორიული მიმართულებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული საავადმყოფოების, კლინიკებისა და ლაბორატორიის მეშვეობით.

ჯგუფი ჯამში ფლობს 34 ჰოსპიტალს, აქედან 7 დიდი და სპეციალიზებული საავადმყოფოა. ჯგუფი ფლობს 16 პოლიკლინიკას, რომელიც მომხმარებლებს მხოლოდ ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს. 16 პოლიკლინიკიდან 12 თბილისის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო დარჩენილი 4 რეგიონებში.