წონის კლების პრეპარატებზე მოთხოვნის ზრდა მომხმარებელთა ქცევაზე და, შესაბამისად, სხვადასხვა ბიზნესზე აისახება.
ამ თემაზე მორიგ სტატიას Reuters-ი აქვეყნებს და პარფიუმერიის ინდუსტრიას ეხება.
როგორც გამოცემა წერს, ალუბლის, ბანანისა და ტოფის ღვეზელის, ასევე სეზამისა და ტაბასკოს სურნელები სულ უფრო ხშირად გვხვდება ძვირადღირებულ სუნამოებში. პარფიუმერიის მწარმოებლები ახლა იკვლევენ, შეიძლება თუ არა წონის დასაკლები პრეპარატების პოპულარობამ მომხმარებელთა სურნელოვანი უპირატესობები შეცვალოს.
ე.წ. gourmand ტიპის სუნამოები, რომელთა არომატიც ტკბილეულს, დესერტებსა და სხვა საკვებს მოგვაგონებს, ათწლეულებია არსებობს. ამ მიმართულების ადრეული მაგალითებია Thierry Mugler-ის Angel, რომელიც ბამბის შაქრის სურნელით არის შთაგონებული, და Nina Ricci-ის Nina, რომელსაც კარამელიზებული ვაშლის არომატი ახასიათებს.
ამ სეგმენტის ზრდას ხელი შეუწყო პანდემიის დროს ონლაინვაჭრობის გაფართოებამაც: მომხმარებლებისთვის ნაცნობი საკვების სურნელებთან ასოცირებული სუნამოების შეძენა უფრო მარტივი გახდა მაშინაც კი, როდესაც მათ წინასწარ დატესტვას ვერ ახერხებდნენ. მნიშვნელოვანი ფაქტორია Z თაობის მომხმარებელთა მზარდი გავლენაც.
სუნამოების მწარმოებლები, მათ შორის Givaudan, IFF, CPL Aromas და L’Oréal, უკვე სწავლობენ, უკავშირდება თუ არა GLP-1 ჯგუფის პრეპარატების გამოყენება სურნელების მიმართ ინტერესის ცვლილებას. თუმცა კომპანიები და გამოკითხული მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ საკითხის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.
აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების სუნისა და გემოს ცენტრის თანახელმძღვანელის, პაულ ჯოზეფის, შეფასებით, სავსებით შესაძლებელია, რომ GLP-1 პრეპარატებს ქიმიურ სტიმულებზე სენსორული რეაქციების შეცვლა შეეძლოთ.
ეს მედიკამენტები მადაზე ზემოქმედებასთან ერთად შესაძლოა გავლენას ახდენდეს ყნოსვით ბოლქვზე— ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც სუნის დამუშავებაში მონაწილეობს. თუმცა, ჯოზეფის თქმით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, როგორ ან საერთოდ ცვლის თუ არა ეს სუნების აღქმას.
L’Oréal-ში ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, ადამიანები, რომლებიც საკვებისგან მიღებულ სიამოვნებას ნაკლებად განიცდიან, სიამოვნების სხვა წყაროებს ეძებდნენ.
L’Oréal Paris-ის გლობალური ბრენდის პრეზიდენტის, ლეტიცია ტუპეს სიტყვებით, ადამიანები საკვების ან გემოსგან მიღებულ სიამოვნებას სხვა სახის სიამოვნებით ანაცვლებენ.
Givaudan-ი დაახლოებით ერთი წელია სწავლობს ამ შესაძლო კავშირს. კომპანიის წარმომადგენლის, არნო გუგენბიულის თქმით, GLP-1 პრეპარატების მომხმარებლებისთვის ადრე საყვარელი სურნელები ზოგჯერ უსიამოვნო ხდება, ხოლო სხვა, მანამდე ნაკლებად მიმზიდველი არომატები — სასურველი.
კომპანიის დაკვირვებით, საერთო ტენდენცია სუნამოების მიმართ ინტერესის ზრდაა.
Givaudan-ი აფართოებს საკვებით შთაგონებული სუნამოების ხაზს და ქმნის არომატებს, რომლებიც ნამცხვრების მრავალშრიან სურნელს იმეორებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი სიმსუქნით ცხოვრობს. ეს წონის დასაკლები პრეპარატების პოტენციურად უზარმაზარ ბაზარს ქმნის. ფარმაცევტული კომპანიებისა და ანალიტიკოსების პროგნოზით, GLP-1 პრეპარატების ბაზრის ღირებულებამ 2030 წლისთვის შესაძლოა 150 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
ბაზრის კვლევითი კომპანია Mintel-ის გლობალური სილამაზის ინდუსტრიის ანალიტიკოსის, კლოტილდ დრაპეს თქმით, საკვებით შთაგონებული სუნამოები ახალი პროდუქტის შექმნის მხრივ მეორე უმსხვილესი კატეგორია გახდა ყვავილოვანი სურნელების შემდეგ.
ამ კატეგორიის წილი ორი წლის წინანდელი 9%-დან ბოლო პერიოდში 24%-მდე გაიზარდა.
კვლევითი კომპანია NIQ-ის მიერ აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, GLP-1 პრეპარატების მომხმარებლები სუნამოებზე საშუალო მომხმარებელთან შედარებით 26%-ით მეტს ხარჯავენ. მიუხედავად ამისა, ტრადიციული ვანილის სურნელებიც პოპულარული რჩება. Coty და Puig ვარაუდობენ, რომ Burberry Goddess-ისა და Yves Saint Laurent Libre Eau de Parfum-ის მსგავსი სუნამოები კვლავ მოთხოვნადი იქნება.
ამასთან, ბაზარზე სულ უფრო მეტად ჩნდება უჩვეულო არომატები. გამოიყენება ვისკის, რომისა და ტეკილას მსგავსი ალკოჰოლური სასმელების ნოტებიც.
CPL Aromas-ის გლობალური მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორის, ნელი დი მერკურიოს დაკვირვებით, Z თაობის მომხმარებლები განსაკუთრებით ინტერესდებიან არა მხოლოდ ტკბილი, არამედ მარილიანი, ფერმენტირებული, შემწვარი და სხვა უჩვეულო სურნელებით. მათ შორისაა სეზამი, ბრინჯი, ტრიუფელი, მატჩა და სხვა.
Givaudan-ის წარმომადგენელი გუგენბიული მიიჩნევს, რომ შემდეგი დიდი ტენდენცია კრემოვანი სურნელები გახდება: ბანანი, ათქვეფილი ნაღები და თბილი რძე.
მისი პროგნოზით, საკვებით შთაგონებული სუნამოების ბაზარი ზრდას გააგრძელებს, ხოლო GLP-1 პრეპარატების მომხმარებლები ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
„რისი ჭამაც მათ აღარ შეუძლიათ, მისგან მიღებული სიამოვნების განცდა მაინც სურთ,“ – ასეთია ამ ტენდენციის მოკლე ახსნა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ჯერჯერობით კავშირი წონის კლების მედიკამენტებსა და სურნელოვან მიდრეკილებებს შორის საბოლოოდ დადასტურებული არ არის, თუმცა ბაზრის მონაცემები საკვებით შთაგონებული სუნამოების პოპულარობის ზრდაზე ნამდვილად მიუთითებს




