21 ოქტომბერს საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ წლევანდელი სეზონისთვის 3-კომპონენტიანი,  200 ათასი დოზა პრეპარატი შეიძინა. 


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ირაკლი ფურცელაძის თქმით, ვაქცინა ქვეყანაში გუშინ ჩამოვიდა და მისი დარიგება უკვე დაიწყო. მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი ხვალ დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტ კლინიკაში დაიწყება. კლინიკების ჩამონათვალი დღეს, დღის განმავლობაში გავრცელდება. 


ამასთან, ფურცელაძის განცხადებით, თუ ვაქცინაზე მაღალი მოთხოვნა იქნება, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო მზადაა, პრეპარატების დამატებითი პარტიებიც შეიძინოს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომაა წლევანდელი ვაქცინა 3-კომპონენტიანი, ეს საერთაშორისო რეკომენდაციებსა და გრიპის ვირუსების გავრცელების ცვლილებას უკავშირდება.

მთავარი მიზეზი ისაა, რომ გრიპის B/Victoria-სგან განსხვავებით,  მეორე შტამი „Yamagata“ 2020 წლის მარტის შემდეგ აღარ ცირკულირებს. ამიტომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მარეგულირებლებმა ოთხკომპონენტიანი ვაქცინიდან B/Yamagata-ს კომპონენტის ამოღება დაიწყეს.


 ექიმები ცალსახად აცხადებენ, რომ კომპონენტების რაოდენობის შემცირება თავისთავად არ ნიშნავს, რომ ახალი ვაქცინა უფრო სუსტია.