ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოსა (EFSA) და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) განცხადებით, 2026 წლის დასაწყისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე ევროპის 18 ქვეყანაში დასავლეთ ნილოსის ვირუსით ადამიანის ინფიცირების 1 855 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 141 ადამიანი გარდაიცვალა. თემას Reuters-ი აშუქებს.

სააგენტოს ცნობით, EFSA-ს წარმომადგენლის, ჯუზი ამორეს განცხადებით, 2026 წელს დასავლეთ ნილოსის ვირუსმა ევროპაში რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია — როგორც ადამიანებში ინფიცირების შემთხვევების, ისე ცხოველებში დაავადების აფეთქებების რაოდენობით.


ანგარიშის ძირითადი მონაცემები ასეთია:

სექტემბერში გამოქვეყნებულ წინა ანგარიშთან შედარებით, ევროპაში ადამიანების ინფიცირების შემთხვევები 769-ით გაიზარდა.

ინფიცირების 1 715 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ბოლო ათი წლის საშუალო მაჩვენებელს — 693 შემთხვევას.

საბერძნეთი და საფრანგეთი: ორივე ქვეყანამ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დააფიქსირა. საბერძნეთში 445 შემთხვევა გამოვლინდა, საფრანგეთში კი — 144.

იტალია ევროპაში ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნად რჩება, სადაც 748 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება ცხოველებში გავრცელებას,  ევროპის 15 ქვეყანაში ცხოველებში დაავადების 511 აფეთქება, ხოლო ფრინველებში 595 შემთხვევა დაფიქსირდა.


კოღოებით გადამდები ვირუსის გავრცელების სეზონი დასასრულს უახლოვდება, თუმცა მომდევნო კვირების განმავლობაში ინფიცირების ცალკეული შემთხვევები შესაძლოა კვლავ გამოვლინდეს.

დასავლეთ ნილოსის ვირუსი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანზე ძირითადად ინფიცირებული კოღოს ნაკბენით გადადის. ვირუსის მთავარი ბუნებრივი მატარებლები ფრინველები არიან, ხოლო ადამიანიდან ადამიანზე ჩვეულებრივი კონტაქტით არ ვრცელდება.

ინფიცირებულთა უმეტესობას სიმპტომები არ უვლინდება, ზოგიერთს კი აქვს სიცხე, თავისა და კუნთების ტკივილი, სისუსტე და ზოგჯერ გამონაყარი. იშვიათად ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ანთება, კისრის გაშეშება, დაბნეულობა და კრუნჩხვები. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
სპეციფიკური მკურნალობა და ადამიანებისთვის დამტკიცებული ვაქცინა ამჟამად არ არსებობს, ამიტომ მთავარი პრევენცია კოღოს ნაკბენისგან თავის დაცვაა.