2026 წლის ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის ირკუტსკის ოლქში ლაბორატორიის თანამშრომლის მძიმე პნევმონიით გარდაცვალებამ ბევრი კითხვა გააჩინა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელს მსოფლიოში.
შემთხვევა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა იმის გამო, რომ გარდაცვლილი მუშაობდა შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში და გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, თითქოს მას ლაბორატორიაში სწორედ ამ ვირუსის  გამომწვევთან ჰქონდა კონტაქტი.


ამ დროისთვის ჭირით ინფიცირება ოფიციალურად დადასტურებული არ არის. რუსეთის ხელისუფლებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საჯარო ცნობებში მიზეზად „გაურკვეველი ეტიოლოგიის პნევმონიაა“ მითითებული.

სავარაუდო ლაბორატორიული ინციდენტის შესახებ ცნობები რუსულ და რეგიონულ მედიაში 25 სექტემბერს გავრცელდა.

ზოგიერთი დამოუკიდებელი რუსული გამოცემის ინფორმაციით, 25 სექტემბერს ქალმა, სავარაუდოდ,  გატეხა სინჯარა, რომელიც ჭირის გამომწვევ ბაქტერიას შეიცავდა, რის შემდეგაც თავი შეუძლოდ იგრძნო. ეს ვერსია რუსეთის ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებიათ. პირიქით, როსპოტრებნადზორმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ინსტიტუტში პათოგენურ მიკროორგანიზმებთან მუშაობისას რაიმე ინციდენტი არ დაფიქსირებულა.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, შიპილოვა 29 სექტემბერს შეიყვანეს ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში მძიმე პნევმონიის ნიშნებით. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მას ინტენსიური სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

1 ოქტომბრის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შელეხოვის რაიონული საავადმყოფოს სტაციონარული განყოფილება დაიხურა. 2 ოქტომბერს ქალაქის მერმა დაადასტურა, რომ საავადმყოფოში კარანტინის რეჟიმი იყო დაწესებული.

ჯანმოს ინფორმაციით, 2026 წლის 2 ოქტომბერს ირკუტსკის ოლქში ლაბორატორიის თანამშრომელი მძიმე პნევმონიით გარდაიცვალა.

სწორედ ამ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქმე შესაძლოა ფილტვის ჭირს ეხებოდა. ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება ამტკიცებდა, რომ გარდაცვლილი სწორედ ჭირის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი იყო და ლაბორატორიულ ინციდენტზე მიუთითებდა. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

შემთხვევის შემდეგ პაციენტთან დაკავშირებული პირების გამოვლენა და მათი სამედიცინო მონიტორინგი დაიწყო. სხვადასხვა ცნობით, დაკვირვების ქვეშ დაახლოებით 200 ადამიანი მოექცა. ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო შესაძლო ინფექციის გავრცელების გამორიცხვა.

4 ოქტომბერს როსპოტრებნადზორმა განაცხადა, რომ ირკუტსკის ოლქში, მათ შორის ირკუტსკსა და შელეხოვში, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია.

უფრო მნიშვნელოვანი იყო ლაბორატორიული კვლევების პირველი შედეგი: პაციენტის ბიოლოგიურ მასალაში მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩნდა.

5 ოქტომბერს როსპოტრებნადზორმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა. კონტაქტების ლაბორატორიული კვლევების შედეგად გამოვლინდა: COVID-19-ის 2 შემთხვევა; რინოვირუსული ინფექციის 2 შემთხვევა;  სხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევები კონტაქტებში არ აღმოჩნდა.

უწყების ინფორმაციით, დაკვირვების ქვეშ მყოფ ადამიანებს ინფექციურ დაავადებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის გაუარესება არ აღენიშნებოდათ. იმ დროისთვის კონტაქტების დაახლოებით 60%-ის სამედიცინო დაკვირვება უკვე დასრულებულია.

ამავე დღეს როსპოტრებნადზორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სპეციალურმა კომისიამ ინსტიტუტში ბიოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის შემოწმებისას პათოგენურ მიკროორგანიზმებთან მუშაობისას ავარიული შემთხვევა ვერ დაადგინა.

Reuters-ის ცნობით, ჯანმომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ ფართო მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკი ამ ეტაპზე დაბალია. ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტშია და ცდილობს დაადგინოს გარდაცვალების გარემოებები, მიმდინარე ლაბორატორიული კვლევების შედეგები და კონტაქტების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთს დახმარებას გაუწევდა.

ჯანმოს ინფორმაციით, ყველა გამოვლენილი კონტაქტი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ამ ეტაპზე მათში დაავადების სიმპტომები არ გამოვლენილა. ორგანიზაცია რუსულ მხარესთან ინფორმაციის გადამოწმებას 
საქმე განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმის გამო, რომ გარდაცვლილი მუშაობდა ჭირის კვლევით ინსტიტუტში, ხოლო ფილტვის ჭირი იმ იშვიათ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება შეუძლია. სწორედ ამიტომ ლაბორატორიის თანამშრომლის მძიმე პნევმონიამ და შესაძლო ლაბორატორიული ექსპოზიციის შესახებ ცნობებმა სწრაფად გააჩინა ეჭვები.

თუმცა ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ლაბორატორიული მონაცემები ჭირის გავრცელებას არ ადასტურებს.