ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებსა და შესაბამის ინსტიტუტებს, გააძლიერონ ეთიკური ექსპერტიზისა და ზედამხედველობის მექანიზმები იმ სამედიცინო კვლევებისთვის, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება. ჯანმოს შეფასებით, AI-ის სწრაფმა განვითარებამ, შესაბამისი კონტროლის მექანიზმების გარეშე, შესაძლოა შექმნას ახალი რისკები ადამიანის უფლებებისთვის, სამართლიანობისა და საზოგადოების ნდობისთვის.
ჯანმოს ახალ ანგარიშში „ჯანდაცვის კვლევები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით: ეთიკური ექსპერტიზა და ზედამხედველობა“ აღნიშნულია, რომ AI უკვე ცვლის სამედიცინო მონაცემების ანალიზს, კვლევების ჩატარებასა და ახალი ტექნოლოგიების შექმნასა და შეფასებას. ამასთან, არსებული ეთიკური ზედამხედველობის სისტემები ყოველთვის ვერ ითვალისწინებს AI-სთან დაკავშირებულ სპეციფიკურ რისკებს.
მათ შორისაა გადაწყვეტილებებისა და ალგორითმების არასაკმარისი გამჭვირვალობა, ალგორითმული მიკერძოება, სამართლიანობის საკითხები, პასუხისმგებლობის განაწილების სირთულე, პირადი ინფორმაციისა და კონფიდენციალურობის დაცვა და სხვა.
ჯანმო სამედიცინო სფეროში AI-ის გამოყენებით კვლევებს სამ ფართო ჯგუფად ყოფს:
AI-ის გამოყენება კვლევითი მონაცემების ანალიზისთვის;
უკვე არსებული AI ტექნოლოგიების გამოყენება კვლევით საქმიანობაში;
თავად AI სისტემების შექმნა და მათი შეფასება.
დოკუმენტის თანახმად, ეთიკური ზედამხედველობა უნდა მოიცავდეს კვლევის მთელ ციკლს — კვლევის დაგეგმვიდან და ეთიკური ექსპერტიზიდან დაწყებული, შედეგების გამოქვეყნებით, რეგულირებითა და პრაქტიკაში დანერგვით დასრულებული.
ჯანმოს განცხადებით, AI-ს შეუძლია მნიშვნელოვნად დააჩქაროს სამედიცინო კვლევები და ხელი შეუწყოს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას, თუმცა ინოვაციები უნდა მიმდინარეობდეს ისეთი ეთიკური გარანტიების პირობებში, რომლებიც ადამიანის ღირსებას, უფლებებსა და სამართლიანობას დაიცავს.





