მსოფლიოში ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე აღინიშნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა ამ დაავადების დროული აღმოჩენის, პრევენციისა და ეფექტიანი მკურნალობს მთავარ რეკომენდაციებს ავრცელებს.

ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ძუძუს კიბოს დროული გამოვლენა გადარჩენის მეტ შანსს ნიშნავს, რადგან კვლევების მიხედვით, კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი თითქმის 99%-ია.

„ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა რთული არ არის — რამდენიმე ნაბიჯიც საკმარისია: 
რეგულარულად ჩაიტარეთ ძუძუს თვით-შემოწმება და სკრინინგი. გაუზიარე ინფორმაცია სხვა ქალებსაც და ჩაერთე ცნობიერების ამაღლების კამპანიებში.


საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოა,“ - აღნიშნავენ ორგანიზაციაში და ამბობენ, რომ ძუძუს კიბოს ერთ–ერთი მთავარი რისკ–ფაქტორი ალკოჰოლის მოხმარებაა.

რაც შეეხება დაავადების რისკების შემცირებას, ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამისთვის უარი უნდა ვთქვათ ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაზე, ასევე თავდან უნდა ავირიდოთ ჭარბწონიანობა და სიმსუქნე,  უარი ვთქვათ არაჯანსაღ კვებაზე და გავზარდოთ ფიზიკური აქტივობა.

„ყოველდღიური ჩვევების მცირედ ცვლილებასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯანსაღი ცხოვრების წესი დაგეხმარება ძუძუს კიბოს თავიდან აცილებაში. ძუძუს კიბოს შემთხვევათა მხოლოდ 5-10%-ია მემკვიდრეობითი.
საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.